„სამძიმართან ერთად, მინდა, მადლიერება გამოვხატო მეგის მიმართ, რომელიც დაუღალავად ემსახურებოდა ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის საქმეს“
19/03/2021 15:13:48 საზოგადოება
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„უდიდეს მწუხარებას გამოვხატავ ახალგაზრდა ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს და სამედიცინო საზოგადოებას. სამძიმართან ერთად, მინდა გამოვხატო უდიდესი მადლიერება მეგის მიმართ, რომელიც დაუღალავად ემსახურებოდა ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის საქმეს“,– აცხადებს კობახიძე.
ცნობისთვის: ახალციხეში გუშინ, 18 მარტს კლინიკა "იმედში" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა. თუმცა ექთნის გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა. ექიმების ვარაუდით, პაციენტს ანაფელაქციური რეაქცია განუვითარდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, "ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა იმისთვის, რომ დადგინეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის".
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ საღამოს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება:
"ევროპის წამლის სააგენტოს" მიერ ის აღიარებულია როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც გაცილებით მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე – რისკი, რაც არც ერთ ქვეყანას არ აძლევს საფუძველს, შეჩერდეს მისი მოხმარება".


