"კომენდანტის საათი" 28 მარტს რამდენიმე საათით გადავადდება
18/03/2021 16:17:07 საზოგადოება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის დავით მუჯირის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებიც 28 მარტს საქართველო-ესპანეთის მატჩს დაესწრებიან, გადაადგილების უფლება ღამის 12:00 საათამდე ექნებათ.
მისივე ცნობით, დინამო არენა რეგულაციების დაცვით დაახლოებით 15 500 გულშემატკივარს მიიღებს.
"ჩვენ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა. სამწუხაროდ 30%-მდე არის შეზღუდული უეფას რეგულაციებით და დღევანდელ დღეს შესაბამისი სტრუქტურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ეს კვოტა მაქსიმალურად იქნება ათვისებული. დაახლოებით 15 500 გულშემატკივარს ექნება საშუალება, დინამო არენაზე უგულშემატკივროს საკუთარ გუნდს.
შესაბამის სტრუქტურებთან ხვალ კიდევ გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა და საბოლოო ჯამში, ყველა რეგულაცია ორშაბათს ცნობილი იქნება ქართველი გულშემატკივრებისთვის. ვინც მატჩის ბილეთს შეიძენს, იქნება ბაზაში პირადი ნომრით რეგისტრირებული და ღამის 12 საათამდე გადაადგილების უფლება ექნებათ", - განაცხადა დავით მუჯირმა.
ცნობისთვის: საქართველოს ნაკრები თბილისში 28 მარტს, 20:00 საათზე ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში.


