"საქართველოში ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა. სანამ არ დასრულდება მოკვლევა, მიზეზ–შედეგობრივ კავშირებზე ვერ ვისაუბრებთ"
18/03/2021 13:47:44 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა.
მისი თქმით, ყველაზე სერიოზული გვერდითი რეაქცია არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ინექციიდან 15-30 წუთში ან ცოტა მოგვიანებით ფიქსირდება.
"ბრიფინგის ძირითადი მიზანია, რომ შეგატყობინოთ პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია ანუ გართულება ვაქცინაციის პროცესის. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე, ზოგადად, არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერიოზული გვედითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც ვითარდება სწრაფად ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგ, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-20- 30 წუთში, თუმცა შეიძლება იყოს მოგვიანებითი რეაქცია", – განაცხადა გამყრელიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები უფრო რეაქტოგენულები არიან, "ანუ იძლევიან უფრო ხშირად რეაქციებს, რომელიც ვლინდება ტემპერატურით, ტავის ტკივილით სახსრების ტკივილით, კუნთების ტკივილით და ა.შ. ამ ტიპის გამოვლინებები ამის დაახლოებით 10-დან 50 და ზოგ შემთხვევაში მეტ პროცენტში. ანაფილაქსიური გამოვლინებები შედარებით იშვიათია".
მისივე თქმით, ამჟამად პაციენტი, რომელსაც აცრის შემდეგ დაუყოვნებელი რეაქცია განუვითარდა, თბილისში გადმოჰყავთ:
"დღეს ახალციხეში "იმედის" კლინიკაში აიცრა 27 წლის მედიკოსი. იგი სისტემატურად იტარებდა გრიპის აცრებს და ანამნეზში არ აღნიშნავდა ალერგიულ რეაქციებს. მან აცრის შემდეგ კოლეგებს აცრების გაკეთებისკენ მოუწოდა. სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჯერ არ ვიცით ეს ალერგიული რეაქცია იყო თუ სხვა ტიპის, თუმცა ექიმები გვეუბნებიან, რომ ეს ალერგიულ რეაქციას ჰგავდა. მას ადგილზე დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება. ამის შემდეგ არ მოიხსნა რეაქცია და გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა და საჭირო გახდა მისი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა. ამჟამად ადგილზე ჩასულია კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და ავადმყოფის გადმოყვანა ხდება თბილისში. ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, ავადმყოფი ინტუბირებულია და როგორც გითხარით, ის კატასტროფის ბრიგადას გადმოჰყავს თბილისში. ექიმები რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე შევინარჩუნოთ“.
მისივე თქმით, მოხდარზე დაწყებულია მოკვლევა:
"ამჟამად დაწყებულია მოკვლევა რეგულირების სააგენტოს მიერ. პროცესში ჩართულები არიან იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტის წევრები, ეს კომიტეტი დამოუკიდებელია. ამ ეტაპზე მიზეზ–შედეგებობრივ კავშირებზე ვერ ვისაუბრებთ, სანამ არ დასრულდება მოკვლევა".
ცნობისთვის: საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინის პირველი დოზები პირდაპირ ეთერში გაიკეთეს ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, წამყვანი კლინიკების მედიკოსებმა, მათ შორის, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმაც.
დღეს დილის მონაცემებით აცრილია 3054 მედიკოსი.


