TI: პანდემიამ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირა
18/03/2021 09:55:31 ეკონომიკა
„კოვიდ 19“-ის პანდემიამ საქართველოს სხვა ქვეყნებზე, მათ შორის რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირა,– ამ დასკვნამდე მივიდა „საერთაშორისო გამჭვირვალეობა–საქართველო“.
კვლევის მიხედვით, 2019 წელს საქართველომ რუსეთიდან ტურიზმით, ფულადი გზავნილებით და ექსპორტით 1.6 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც საქართველოს მშპ-ის მიმართ 9%-იყო. 2020 წელს საქართველომ იმავე გზებით რუსეთიდან დაახლოებით 900 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც მშპ-ის მიმართ დაახლოებით 5.7%-ია:
"2020 წელს საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ძირითადად საგარეო ვაჭრობითა და ფულადი გზავნილებით იყო დამოკიდებული. განსაკუთრებით მაღალი დამოკიდებულება შეინიშნებოდა ქართული ღვინის ექსპორტში და რუსული ხორბლის იმპორტში. რუსულ ელექტროენერგიაზე და გაზზე საქართველო ნაკლებად არის დამოკიდებული. ასევე, მცირეა საქართველოში რუსული ინვესტიციები.
ბოლო წლებში რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი იზრდებოდა და 2019 წელს 497 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. „კოვიდ-19”-ის პანდემიის გავლენა რუსეთში ექსპორტს მნიშვნელოვნად დაეტყო და 2020 წელს იგი 11.2%-ით შემცირდა. თუმცა, საქართველოს მთლიანი ექსპორტის უფრო მეტად შემცირების გამო, ქართულ ექსპორტში რუსეთის წილი უმნიშვნელოდ - 13.1%-დან 13.2%-მდე გაიზარდა.
2020 წელს რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით შემცირდა და 120 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასევე, ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში რუსეთის წილიც მცირედით, 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 56.8%-ს გაუტოლდა.
2019 წელთან შედარებით, 2020 წელს რუსეთიდან საქართველოში იმპორტი 9.2%-ით შემცირდა, თუმცა 2012 წლის შემდეგ რუსული პროდუქციის იმპორტი თითქმის გაორმაგებულია და 900 მლნ აშშ დოლარს აღწევს. რუსეთს, თურქეთის შემდეგ, საქართველოს იმპორტში მეორე ადგილი უჭირავს.
საქართველოში ხორბლის სასურსათო მოხმარების 70%-მდე რუსეთზე მოდის. ხორბლის იმპორტში კი რუსეთს თითქმის 100%-იანი წილი უჭირავს. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს რუსეთიდან საქართველოში ხორბლის იმპორტი 18%-ით გაიზარდა.
პანდემიის გამო, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის ტურიზმის სექტორზე, მათ შორის რუს ტურისტებზე დამოკიდებულება რადიკალურად შემცირდა. 2020 წელს საქართველოში რუსეთიდან 208,677 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 86%-ით ნაკლებია. შემოსავლების მხრივ პანდემიამდე საქართველო ყველაზე მეტად ტურიზმით იყო დამოკიდებული რუსეთზე. 2019 წელს რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში დაახლოებით 700 მლნ აშშ დოლარი დახარჯეს, 2020 წელს კი 50 მლნ დოლარამდე.
2020 წელს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 15%-ით შემცირდა და 364 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2019 წელს რუსეთის წილი საქართველოში შემოსულ მთლიან გზავნილებში 24.8% იყო, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 19.3%-მდე დაეცა. რუსეთიდან გზავნილების კლება პანდემიამდე, 2019 წელს დაიწყო, რადგან ბოლო წლებში ქართველი ემიგრანტებისთვის ევროპა უფრო მიმზიდველია და ევროპული ქვეყნებიდან ფულადი გადმორიცხვები მზარდი ტენდენციით ხასიათდება“,– ნათვამია ანგარიშში.
დასკვნა
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ პანდემიამ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება „ბუნებრივად“ შეამცირა. პანდემიური პერიოდის გასვლის შემდეგ კი, საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა, სტრუქტურულად გარდაქმნას ეკონომიკა და ნაკლებდამოკიდებული გახდეს რუსეთზე. მინიმუმ, ეს გარდაუვალი იქნება ტურიზმის შემთხვევაში, რადგან საქართველოს ტურისტებზე, მათ შორის რუს ტურისტებზე დამოკიდებულების 2019 წლის დონეზე დაბრუნებას სავარაუდოდ რამდენიმე წელი დაჭირდება. თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია ის საფრთხეც, რომ „კოვიდ შეზღუდვების“ მოხსნის შემდეგ, რესურს-შემცირებულმა ბიზნესმა იოლად ხელმისაწვდომ ბაზარს მიაშუროს, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მხრივ, რამაც შესაძლოა საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების დონე კიდევ უფრო გაზარდოს.
ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ სადღეიოსდ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების კუთხით მთავარ გამოწვევად ღვინის ექსპორტის რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულება და რუსეთიდან ხორბლის იმპორტი რჩება. საფრთხის მხრივ, ექსპორტ-იმპორტი იმითაც არის გამორჩეული, რომ მისი სრულად შეწყვეტა გაცილებით იოლია, ვიდრე ტურიზმის და ფულადი გზავნილების:
„კოვიდ-19“-ის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკა გაცილებით მეტად დააზარალა, ვიდრე რუსეთს შეუძლია ეკონომიკური ზიანი მოგვაყენოს. ეს საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას გარკვეულ გამოცდილებას ძენს, რუსეთისგან მოსალოდნელი ეკონომიკური სანქციების მიმართ ნაკლებ მოწყვლადი იყოს და ერთგვარი იმუნიტეტი გამოიმუშაოს.
საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მხოლოდ ეკონომიკური საკითხი არ არის, ის გამოწვევაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც. საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს“.
რეკომენდაციები
- პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე, განსაკუთრებით ღვინის ექსპორტის მიმართულებით;
- მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი ხორბლის ადგილობრივ წარმოებას და ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირებას;
- წინა წლებისგან განსხვავებით, საზღვრების გახსნის შემდეგ, ტურისტების მოსაზიდად სამიზნე ბაზარი რუსეთი არ უნდა იყოს. მარკეტინგული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი რესურსები უფრო აქტიურად უნდა მიემართოს სხვა ქვეყნების, მათ შორის მაღალბიუჯეტიანი ტურისტების შემომყვანი ქვეყნებისაკენ;
- პანდემია აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკის გარკვეულ გადაწყობას, რომლის ერთ-ერთი მიზანიც რუსეთზე ნაკლებდამოკიდებული ეკონომიკის მიღება უნდა გახდეს.


