ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ქალის „ჰოსპიტალიზება არ ჩაითვალა საჭიროდ, ვინაიდან არ იკვეთებოდა რაიმე სახის ჩივილი“
17/03/2021 11:40:25 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ქალის საკარანტინო სივრცეში გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პაციენტი ენგურის ე.წ. გადასასვლელ პუნქტთან ექიმებმა შეამოწმეს, თუმცა მისი „ჰოსპიტალიზება არ ჩაითვალა საჭიროდ, ვინაიდან არ იკვეთებოდა რაიმე სახის ჩივილი“.
"16 მარტს, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან სამედიცინო ტრანსპორტის მიერ გადმოყვანილ იქნა შუახნის ქალბატონი. საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ე.წ. გადასასვლელ პუნქტთან გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე შეფასდა, ჩაუტარდა ელ. კარდიოგრაფია და მოხდა მისი სასიცოცხლო პარამეტრების განსაზღვრა. ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების შედეგად პაციენტის მდგომარეობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ არ ჩაითვალა საჭიროდ ჰოსპიტალიზაცია, ვინაიდან არ იკვეთებოდა რაიმე სახის ჩივილი. ქალბატონი, დადგენილი წესით, საკარანტინე სივრცეში სასტუმრო „ანაკლიაში“ მოთავსდა. აღსანიშნავია, რომ საკარანტინო სივრცე სამედიცნო პერსონალის ზედამხედველობას ითვალისწინებს. პაციენტის საკარანტინე სივრცეში მოთავსებიდან რამდენიმე საათში, ექიმის მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება მოხდა. ადგილზე მისულ ბრიგადას ქალბატონი გარდაცვლილი დახვდა", – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ქალს გულის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც იგი ოკუპირებული ტერიტორიიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა. მათი განცხადებით, ქალი ითხოვდა, რომ საკარანტინო სივრცეში არ გადაეყვანათ, რადგან თავს ცუდად გრძნობდა.


