"რუსთავი 2" და "პრაიმ ტაიმი" ერთიან ჰოლდინგად ყალიბდებიან
17/03/2021 08:58:16 საზოგადოება
"რუსთავი 2" და "პრაიმ ტაიმი" ერთიან ჰოლდინგად ყალიბდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმ ტაიმი" ავრცელებს.
მისივე ცნობით, შეიქმნა ახალი მედიაჰოლდინგი, სადაც "რუსთავი2"-თან ერთად შედის სააგენტო პრაიმტაიმი და კიდევ რამდენიმე საინფორმაციო პლატფორმა. ტელეკომპანიაში უკვე დაბრუნდა ჟურნალისტი დავით ნიკურაძე, რომელიც “კურიერის” ვაშინგტონის ბიუროს წარმოადგენს. ასევე არხს დაუბრუნდნენ ყველაზე რეიტინგული შოუების ავტორები – დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურძანია. ჯაფარიძე "რუსთავის2"-ის მთავარ რეჟისორად დაინიშნა, ხაბურძანია კი მთავარ პროდიუსერად.
"რუსთავი 2"-ის დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ წინ ძალიან საინტერესო გეგმებია. მისი თქმით, მალე არხს კიდევ არაერთი ცნობილი სახე შემოუერთდება.
“როგორც იცით, ჩვენ დავიწყეთ რეორგანიზაციის პროცესი, რაც მიზნად ისახავს ტელეკომპანიის რეიტინგის და ყურებადობის ზრდას. გამოგვიჩნდა პარტნიორი პრაიმტაიმის სახით, რომელთან ერთადაც შევქმენით მედიაჰოლდინგი და სწორედ ამ ჰოლდინგის ქვეშ გააგრძელებს რუსთავი2 მაუწყებლობას. იქნება ბევრი ცვლილება. როგორც იცით, არხზე დაბრუნდა დათო ნიკურაძე და ვაშინგტონის ბიურო. ჩვენს გუნდს შემოუერთდნენ დემნა და გიორგი, რომლებიც ჩაიბარებენ პროდუსინგს. მიმდინარეობს ბევრ ცნობილ და საინტერესო სახესთან მოლაპარაკება და დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელი მათ გამოჩენას დიდი სიხარულით შეხვდება”, – ამბობს პაატა სალია


