საპატრიარქოს წარმომადგენელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამირან გამყრელიძეს პასუხობს
17/03/2021 08:14:45 საზოგადოება
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ "ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებით"
მისივე თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ეკლესია სახელმძღვანელობს 11 თებერვლის სინოდის განჩინებით.
„ვაქცინაციასთან დაკავშირებით დღეისათვის ეკლესიას სახელმძღვანელოდ აქვს 11 თებერვლის სინოდის განჩინება, განჩინებაში წერია: მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ - პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის ან დევნის ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში".
ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებით, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს ეკლესიას სთხოვა, ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო საზოგადოებას გვერდში დაუდგეს.
„ძალიან გთხოვთ, გვერდში დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში. ვითანამშრომლოთ, იმიტომ, რომ მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბევრ შემთხვევაში, ექიმზე უფრო ძლიერ. ამიტომ გთხოვთ, რომ განსაკუთრებული თანამშრომლობა იყო ვაქცინაციის პროცესში. როგორც ყოველთვის, მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის და საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივია,“ – განაცხადა გამყრელიძემ.


