ანაკლიის სასტუმროში კარანტინში ყოფნისას ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქალი გარდაიცვალა
17/03/2021 07:51:11 საზოგადოება
ანაკლიის ერთ-ერთ სასტუმროში, რომელიც კარანტინის სივრცედ გამოიყენება, ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი 63 წლის ქალი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი კარანტინში გუშინ, 16 მარტს მოათავსეს, რადგან ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასული ყველა მოქალაქე 5-დღიან კარანტინს ექვემდებარება.
როგორც ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. მისივე ცნობით, ქალისთვის არ იყო ჩატარებული კორონავირუსზე ტესტი, რადგან ტესტირება სასტუმროში შეყვანიდან მეხუთე დღეს ტარდება.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტში მდინარე ენგურთან დაკეტილი დე ფაქტო საზღვარი 2021 წლის 11 თებერვალს გახსნა.


