"პოლიტიკოსები ჩვენი ტრიბუნით ვერ ისარგებლებენ"
16/03/2021 14:07:22 საზოგადოება
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, სპეკულაციაა სახელისუფლებო წრეების მიერ გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქციის თბილისში გამართვით, მოძრაობა ოპოზიციური პარტიების პროტესტს უერთდება.
„გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, როცა აღვნიშნეთ, რომ გადავინაცვლებთ თბილისში და იქ გავმართავთ პარლამენტთან აქციას. ჩვენი პროტესტის ადგილი არის ნამოხვანი და ეს დარჩება პროტესტის ძირითად ადგილად, ვიდრე კომპანია „ენკა" არ დატოვებს რიონის ხეობას. როცა ამხელა დემონსტრაცია იმართება, ნამოხვანში ვერ ჩატარდება ფიზიკურად, ქუთაისშიც უკვე ორჯერ ჩატარდა, ამიტომ, ახლა, თუკი მთავრობა არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, მივუახლოვდებით მას და იქვე დავაყენებთ გაცილებით მძიმე მოთხოვნებს.
რადგან პარლამენტი ვახსენეთ და ყველამ ვიცით, რომ იქ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ პროტესტი, გაჩნდა მოსაზრება, რომ თითქოს ვუერთდებით მათ. არავის ვუერთდებით. ვინც თვალს გვადევნებს, ყველამ კარგად იცის ჩვენი დამოკიდებულება პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენს აქციებში არ იღებენ მონაწილეობას პოლიტიკოსები, ისინი ჩვენი ტრიბუნით ვერ სარგებლობენ. ამდენი ათასი ადამიანი იყო და ერთი პარტიული დროშაც არ ყოფილა აწეული. ამ პროცესს ვაკონტროლებთ და მომავალშიც გავაკონტროლებთ.
თუკი თბილისში ჩატარდება ჩვენი აქცია, არც იქ შევუერთდებით ვინმეს. ის სპეკულაციები, ძირითადად სახელისუფლებო წრეები ავრცელებენ ამ აზრებს მოსახლეობაში, რომ ჩვენ ოპოზიციის წისქვილზე ვასხამთ წყალს, რაც არ უნდა ასე ეგონოთ, რომ ვინმეს წისქვილზე ვასხამთ წყალს, ამ მნიშვნელოვან პროცესებს ვერ შევწირავთ იმას, რომ ვიღაცას სადღაც აქცია აქვს გამართული და ჩვენ შემთხვევით ვიღაცის წისქვილზე წყალი არ დავასხათ. ჩვენ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ვაკეთებთ.
არავისთან ვასოცირდებით, დამოუკიდებლად ადგილსაც მოვძებნით თბილისში, სადაც არავისთან კავშირში არ ვიქნებით და დიდ დემონსტრაციას ჩავატარებთ“, - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.


