Accentnews.ge
ცხოვრება შიშში: დიდ დიღომში დაუსრულებელი კორპუსის მაცხოვრებლები მთავრობისგან შველას ითხოვენ

ცხოვრება შიშში: დიდ დიღომში დაუსრულებელი კორპუსის მაცხოვრებლები მთავრობისგან შველას ითხოვენ

15/03/2021 10:50:03 საზოგადოება

დიდ დიღომში, არჩილ მეფის 11-ში ოჯახებს მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად უკიდურესად საფრთხიშემცელ გარემოში უწევს ცხოვრება: 11-სართულიან კორპუსში კიბეებსა და აივნებს არ აქვთ მოაჯირები, ფანჯრები, აივნის კარებები, ღიაა დაუსრულებელი საცხოვრებელი ფართები, საფრთხეა დაუმთავრებელი ლიფტის ნახევრად ღიად დატოვილი შახტები... ვიდრე მოვლენები დრამატულად განვითარდება, მობინადრეები მთავრობისგან ითხოვენ ყურადღებას, ვეღარ ახერხებენ რა საკუთარი უფლებების საკუთარი ძალებით რეალიზებას.

როგორც „აქცენტს“ მოქალაქე ფიქრია ჭალიძე უყვება, რომელმაც კორპუსში ბინის შეძენა გადაწყვიტა, თუმცა ბინა ჯერ კიდევ არ ჩაჰბარებია და ამის გამო ქირით უწევს ცხოვრება, კორპუსის მშენებლობა შპს „ზ და ლ“-მ 2016 წლის 9 მარტს დაიწყო და 2018 წლის 9 მარტს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, უკვე მეექვსე წელია, მობინადრეები შეძენილი ფართების დასრულებასა და ჩაბარებას ამაოდ ელიან:

„თავად საცხოვრებელი შენობის მშენებლობაზე პასუხისმგებელ პირებს, მშენებელ ლევან ვადაჭკორიას და დედამისს, კომპანიის დირექტორს მშენებლობის გაგრძელებისა და დასრულებისათვის საჭირო თანხა არ აქვთ. ვადაჭკორია აქამდე ატყუებდა მოსახლეობას, რომ დღეს-ხვალ დაასრულებდა პროცესს, მაგრამ ახლა უკვე მასთან სატელეფონო კომუნიკაციასაც ვერ ვახერხებთ. ამასთან, ცალკე თემაა, სად წავიდა თანხები, რომლებიც კორპუსის მობინადრეებმა კეთილსინდისიერად გადაიხადეს, ანუ თავიათი წილი ვალდებულება შეასრულეს. მოქალაქეთა ის ნაწილი, რომელსაც სხვაგან წასასვლელი არ ჰქონდა (არიან ისეთებიც, რომლებიც ქირასაც ვეღარ იხდიდნენ და ღამეებს მანქანაში ათევდნენ), დაუსრულებელ კორპუსში ბავშვებით შესახლდნენ“.

ჭალიძე ყვება, რომ მიბინადრეები საკუთარი რესურსებით უკვე წლებია საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან, საქმის კურსში ჩააყენეს დედაქალაქის მერიაც:

„2020 წლის მაისში ჩვენ, ლევან ვადაჭკორია და მერის მოადგილე – ილია ელოშვილის შეხვედრაც შედგა.მერიამ ვადაჭკორიას კორპუსის მშენებლობის დასრულებისთვის 3თვიანი ვადა მისცა, რაც სრულიად საკმარისი იყო დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად, თუმცა არც ამ შემთხვევაში შეასრულა მან დაკისრებული ვალდებულება“.

როგორც ჭალიძე ყვება, შენობის დასრულების პროცესს სხვა გარემოებაც აფერხებს:

„გაირკვა, რომ ბინები გაყიდვამდე იპოთეკით იქნა დატვირთული და კომპანიამ საცხოვრებელი ფართები გაყიდეს ისე, რომ იპოთეკა არ მოხსნეს, ხოლო ბინების ახალმა მეპატრონეებმა ამ ფულადი ვალდებულებების შესახებ მხოლოდ შეძენის შემდეგ შეიტყვეს. ერთ-ერთი მობინადრის სახლი აუქციონზეც კი გაიყიდა!“

„აქცენტი“ კომენტარისთვის კომპანიის ადვოკატს ლაშა წურწუმიას დაუკავშირდა.

იურისტი ამბობს, რომ საქმეში ახლახანს ჩაერთო და დეტალებს ჯერ კიდევ ეცნობა. ადასტურებს, რომ კომპანიის მხრიდან რიგი ვალდებულებები შეუსრულებელია, ისევე, როგორც მობინადრეთა მხრიდან, რამაც ჯამში წარმოქმნა შეფერხებები და სადღეისოდ კორპუსის ბედი გაურკვეველია.

ამ დავში კი დრო გადის. მოქალაქეები, რომლებიც თავის დროზე კომპანიას ენდნენ, თავს საფრთხეში გრძნობენ და ხელისუფლებისგან დროულ და ადექვატურ ჩართულობას მოითხოვენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S