აჭარის ჯანდაცვის მინისტრი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა: "მედპერსონალს უფრო მეტი აქტივობისკენ მოვუწოდებ"
15/03/2021 07:10:44 საზოგადოება
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს რეგიონებშიც დაიწყო. სულ რამდენიმე წუთის წინ ბათუმში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აიცრა.
იგი ექიმებს მოუწოდებს, რომ ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალურად ჩაერთონ.
"მოვუწოდებ მედპერსონალს უფრო მეტი აქტივობისკენ, ჩვენ ველოდებით ყველას რეგისტრაციაზე და ვაქცინაციის პროცესისათვის, ვინაიდან თქვენ იცით, კაცობრიობაში არ არსებობს სხვა იარაღი, რომლითაც შესაძლებელი იქნება მსგავსი პანდემიის უკან დახევა, უბრალოდ ჩვენ გვაქვს ერთადერთი შანსი, პანდემიის დასასრულის დაწყების, ეს არის ვაქცინაცია, ამიტომ ყველას გელოდებით", – განაცხადა ნიჟარაძემ.
დღეიდან საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყო. 14 მარტის 23:00 საათის მონაცემებით, პორტალზე, BOOKING.MOH.GOV.GE ჯანდაცვის სექტორის 2067 მუშაკია დარეგისტრირებული.
13 მარტს საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო. საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი პარტია შემოვა.


