კორონავირუსზე აცრილ ყველა ადამიანს ვაქცინაციის დამადასტურებელ ორენოვან ცნობას მისცემენ
13/03/2021 08:53:12 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსზე აცრილ ყველა ადამიანს ვაქცინაციის დამადასტურებელ ორენოვან ცნობას მისცემენ.
„დღეს და ხვალ ჩვენი საწყობიდან ვაქცინა განაწილდება, ჩავა ყველა რეგიონულ და მუნიციპალურ ცენტრში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, სადაც არის ეს ცივი ჯაჭვის სისტემა და შესაბამისად მათი კოორდინირებით დაიწყება აცრები. ყველა აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა, რომ ის აიცრა ამა და ამ ვაქცინით, ამა და ამ დღეს. ეს არის ორენოვანი ცნობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება მას მოაწერს ხელს და დაარტყამს ბეჭედს. ამცრელი ბრიგადები დაკომპლექტებული იქნება სამი ადამიანისგან – ამცრელი, ექიმი, ვინც სპეციალური კითხვარით ეკითხება ასაცრელ პიროვნებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და რეგისტრატორი, ვისაც იმუნიზაციის ელექტრონულ სისტემაში შეჰყავს მონაცემები“,-აცხადებს გამყრელიძე.
დღეს საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო. საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი პარტია შემოვა.


