TI: "სასამართლოს განჩინება „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიერ წყაროს დაცვას საფრთხეს უქმნის"
11/03/2021 13:44:12 სამართალი, საზოგადოება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TI) საშიშ პრეცენდენტად მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას, რომლის მიხედვითაც პროკურატურას „ტვ პირველის“ „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასული ფარული ჩანაწერის ჩვენების შემდეგ კონფიდენციალური წყაროს მიერ მიწოდებული მასალის ამოღების უფლება მისცა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, აღნიშნული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებისა და კონფიდენციალური წყაროს გარანტიებს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მედიის საქმიანობას და მედიის წინააღმდეგ სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით გამოყენების ეჭვებს აჩენს.
"საჯაროდ გავრცელებული სასამართლოს განჩინების გაცნობის შემდეგ იკვეთება, რომ იგი ვერ პასუხობს დასაბუთებულობის კრიტერიუმს. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით, მედია საშუალება წყაროს გაუთქმელობის აბსოლუტური პრივილეგიით არის დაცული. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ჟურნალისტს არ აქვს როგორც პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემის, ასევე მასთან დაკავშირებული საგნის ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება.
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით (Nagla v. Latvia, Martin and Others v. France) დაუშვებელია მედიაში ჩხრეკის ან ამოღების ჩატარება, თუ საგამოძიებო ორგანოს მიზანი მხოლოდ წყაროს იდენტიფიცირებაა. სასამართლოს განჩინებაში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ „ტვ პირველისთვის“ გადაცემული კონვერტის ამოღებაზე ნებართვა კი ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგამოძებო ორგანოს მიზანი წყაროს იდენტიფიცირებაა.
ხელისუფლებას მოვუწოდებთ იმოქმედოს კანონის შესაბამისად. გააცნობიეროს ის სერიოზული რისკები, რომელიც სასამართლოს განჩინებიდან და მისი შესაძლო აღსრულებიდან გამომდინარეობს, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. აუცილებელია ხელისუფლებამ შეწყვიტოს სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების გამოყენება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ და უზრუნველყოს ქვეყანაში ჯანსაღი მედია გარემოს შექმნა", – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.
ცნობისთვის: სასამართლომ პროკურატურას "ტვ პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. თუმცა, როგორც ირკვევა, პროკურატურამ არა სკანდალური აუდიო ჩანაწერები მოითხოვა, არამედ, კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც ჟურნალისტებს მიაწოდეს.
მოგვიანებით, პროკურატურამ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ არავინ აპირებს "ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას".
მისივე თქმით, "ჟურნალისტებს უფლება აქვთ არ გადასცენ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი", თუმცა საგამოძიებო უწყება იმედოვნებს, რომ "ტელეკომპანია პირველი“ გამოძიებასთან ითანამშრომლებს.


