„შსს–ში მითხრეს, რომ სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვა შემომთავაზეს“
11/03/2021 12:35:42 საზოგადოება
„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძის ინფორმაციით, მას შს სამინისტროდან დაუკავშირდნენ და მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვა შესთავაზეს.
„გუშინ საღამოს „ტვ იმედის“ ეთერში იყო საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ბატონ ლევან მამალაძესთან. მან პირდაპირ თქვა, რომ იგეგმება ჩემი და მალა ჩიხლაძის მკვლელობა, რომ მას ლიკვიდაციის ოპერაციის მტკიცებულებები ნანახი და მოსმენილი აქვს, რომ ამის უკან დგას ყოფილი ხელისუფლება და საუბრობდა, რომ ეს იქნებოდა დესტრბილიზაციის მიზნით განხორციელებული. საჯაროდ ვთქვი, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხება და მოახდინოს რეაგირება, თუ იცის, რომ ვინმე საფრთხეშია. ამის შემდეგ მიკავშირდება შს სამინისტრო, ამბობს, რომ „ჩემი და მაკა ჩიხლაძის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტზე დაწყებულია გამოძიება“ და მთავაზობენ, „ჩავერთო მოწმეთა დაცვის პროგრამაში“.
ჩემი პირადი აღქმით, ასეთი განცხადებები სამთავრობო მედიის ეთერში შემთხვევით არ ხდება. გუშინ ვნახეთ, რომ ამას მხოლოდ სამთავრობო მედია ტირაჟირებდა და პირადად დამრჩა განცდა, რომ ამზადებენ ნიადაგს: პირობითად, ხვალ თუ ჯურნალისტების უსაფრთხებას საფრთხე შეექმნება, შემდეგ იტყვიან, „ხომ ვამბობდით, ამას ვიღაც ამზადებსო“. თქმა საკმარისი არ არის! თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვა ხელისუფლების პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს“,– განაცხადა მელაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
ამასთან, როგორც მელაძე ამბობს, დაინტერესდა, დგას თუ არა დღის წესრიგში მისი დაკითხვა, თუმცა შსს–ში უთხრეს, რომ მსგავსი განზრახვა ამ ეტაპზე არ აქვთ.
მელაძის თქმით, თუ დაიკითხება, გეგმავს, შსს–ს მიაწოდოს „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივისტების მონაცემები და მათ მიერ განხორციელებული მუქარის ამსახველი მტკიცებულებები.
როგორც შსს–ში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადებას.


