Accentnews.ge
"არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას"

"არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას"

11/03/2021 10:00:41 სამართალი

საქართველოს პროკურატურა "ტვ პირველიდან" მასალების ამოღების ნებართვაზე გაცემულ მოსამართლის განჩინებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას".

პროკურატურა არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა გამოიყენოს “იძულების პროპორციული ზომა”:

"გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს პროკურატურა გეგმავს ტელვიზიაში შეჭრას, არის სიცრუე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას, ამის დადასტურებას წარმოადგენს ჩვენს მიერ ამოღების განჩინების ტელევიზიისთვის მიწოდებაზე მათთან წინასწარი სატელეფონო კომუნიკაცია და განჩინების მათთვის ფოსტით გაგზავნის ფაქტიც. მსგავსი სახის ინფორმაცია ცალსახად არასწორია და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას”.

პროკურატურის განმარტებით, ტელეკომპანია “ტვ პირველის” მიერ გაჟღერებული პოზიცია, რომ საგამოძიებო ორგანოს ეთერში გასული ჩანაწერები არ მოუთხოვია, სასამართლოს განჩინების არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს და აჭიანურებს გამოძიების მიერ დაგეგმილი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას:

"განვარტავთ, რომ ელექტრონული ინფორმაცია, მათ შორის, აუდიო ფაილები შეიძლება დატანილი იყოს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობაში, როგორიცაა ტელეფონი, ელ.დისკი, კომპიუტერი, გარე მყარი დისკი და ა.შ. და კომუნიკაციის მხარეს შეიძლება გადაეცეს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობით. საქართველოს პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ “ტვ პირველი” ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რათა ხელი არ შეგვეშალოს სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფაში. იმედი გვაქვს, “ტვ პირველი” მოგვაწვდის მათთვის წყაროს მიერ გადაცემულ აუდიო ფაილებს იმ ელექტრონულ მოწყობილობასთან ერთად, რომლითაც მათ ეს ფარული ჩანაწერები მიეწოდათ".

სასამართლომ პროკურატურას "ტვ პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. თუმცა, როგორც ირკვევა, პროკურატურამ არა სკანდალური აუდიო ჩანაწერები მოითხოვა, არამედ, კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც ჟურნალისტებს მიაწოდეს.

ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც „ტვ პირველმა" სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილისა და სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული სატელეფონო საუბარი გაავრცელა, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მისი შინაარსის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდნენ. პროკურატურამ ჩანაწერების გავრცელების მესამე დღეს თქვა, რომ გამოძიებას იწყებდა უკანონო მიყურადებისა და არა საუბრის შინაარსის გამო.

ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: „სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: „ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".

9 მარტს ბერა ივანიშვილმა "იმედს" ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საუბარი მისი მოზარდობის პეროდს – 2011 წელს ესება, გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებდა მისი და მისი მხარდამჭერების მისამართით, დაცვის სამსახურმა კი კანონის ფარგლებში მოახდინა რეაგირება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პასუხს აგებინებს ყველას, ვინც მის ოჯახს შეურაცხყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S