"დემოკრატიის ინდექსი": "ჩანაწერების ამოღება არღვევს სიტყვის თავისუფლებას"
11/03/2021 11:12:34 საზოგადოება
"დემოკრატიის ინდექსი საქართველო" "ტვ პირველის" გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "სასამართლოს განჩინება "ტვ პირველიდან" გავრცელებული ჩანაწერების ამოღების შესახებ არღვევს სიტყვის თავისუფლებას და არსებით საფრთხეს უქმნის დემოკრატიას".
"დემოკრატიულ საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია. სწორედ სიტყვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობა ჟურნალისტს აძლევს იმუნიტეტს, რომლითაც მას უფლება აქვს, არ გადასცეს პროფესიული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებსაც კი.
მაშინ როდესაც კანონი უშვებს დანაშაულის საგნის ამოღებას მასმედიის ოფისიდან, იქვე აკეთებს დათქმას, რომ ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ამით საფრთხე არ ექმნება სიტყვის თავისუფლებას (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლის მე-3 ნაწილი). სიტყვის თავისუფლებას კი საფრთხე მაშინ ექმნება, როდესაც საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ჟურნალისტის ინფორმაციის წყაროს შესახებ ინფორმაციის ამოღებაც ხდება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პირდაპირ აცხადებს, რომ ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში ინფორმაციის წყაროს გადაცემის მოთხოვნა გამოძიების ორგანოების მხრიდან არღვევს სიტყვის თავისუფლებას, მაშინაც კი, თუ არ აღსრულებულა", - ნათქვამია გნცხადებაში.
სასამართლომ პროკურატურას "TV პირველიდან" მასალების ამოღების უფლება მისცა. შესაბამისი განჩინება ტელეკომპანიას უკვე მიუვიდა. თუმცა, როგორც ირკვევა, პროკურატურამ არა სკანდალური აუდიო ჩანაწერები მოითხოვა, არამედ, კონვერტი და ელექტრონული მატარებელი, რომელიც ჟურნალისტებს მიაწოდეს.
მოგვიანებით, პროკურატურამ განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ არავინ აპირებს "ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას".
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც „TV პირველმა" სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილისა და სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული სატელეფონო საუბარი გაავრცელა, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მისი შინაარსის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდნენ. პროკურატურამ ჩანაწერების გავრცელების მესამე დღეს თქვა, რომ გამოძიებას იწყებდა უკანონო მიყურადებისა და არა საუბრის შინაარსის გამო.
ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: „სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: „ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".
9 მარტს ბერა ივანიშვილმა "იმედს" ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საუბარი მისი მოზარდობის პეროდს – 2011 წელს ესება, გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებდა მისი და მისი მხარდამჭერების მისამართით, დაცვის სამსახურმა კი კანონის ფარგლებში მოახდინა რეაგირება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პასუხს აგებინებს ყველას, ვინც მის ოჯახს შეურაცხყოფს.


