"როდესაც პრემიერს ექნება უშუალო კონტაქტი მედიასთან, იგი ჩანაწერებთან დაკავშირებით ღირსეულ პასუხს გააკეთებს"
11/03/2021 10:19:59 საზოგადოება
"როდესაც პრემიერს ექნება უშუალო კონტაქტი მედიასთან, იგი ჩანაწერებთან დაკავშირებით ღირსეულ პასუხს გააკეთებს", – ასე ეხმიანება ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმ ფაქტს, რომ სკანდალურ ჩანაწერების გავრცელებიდან დღემდე საკითხზე კომენტარი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არ გაუკეთებია.
"მისთვის მედიაში კითხვა დასმული არ ყოფილა. როდესაც მედიასთან ექნება უშუალო კონტაქტი მედიასთან, იგი ამასთან დაკავშირებით ღირსეულ პასუხს გააკეთებს", – განაცხადა ტიკარაძემ.
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღრაიბაშვილი საჯარო სივრცეში 3 მარტის შემდეგ პირველად დღეს მთავრობის სხდომაზე გამოჩნდა. მან ისაუბრა მოქალაქეების მიერ პირბადის ტარების შემცირებაზე, პოლიტიკურ საკითხებზე, თუმცა კომენტარი არ გაუკეთებია სკანდალურ აუდიოჩანაწერზე, რომელიც „ტვ პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა და მას შემდეგ აქტუალურ თემად იქცა.
ცნობისთვის: მას შემდეგ, რაც „TV პირველმა" სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილისა და სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული სატელეფონო საუბარი გაავრცელა, ოპოზიცია, სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები მისი შინაარსის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვდნენ. პროკურატურამ ჩანაწერების გავრცელების მესამე დღეს თქვა, რომ გამოძიებას იწყებდა უკანონო მიყურადებისა და არა საუბრის შინაარსის გამო.
ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: „სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს", - ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: „ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო".
9 მარტს ბერა ივანიშვილმა "იმედს" ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ საუბარი მისი მოზარდობის პეროდს – 2011 წელს ესება, გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებდა მისი და მისი მხარდამჭერების მისამართით, დაცვის სამსახურმა კი კანონის ფარგლებში მოახდინა რეაგირება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პასუხს აგებინებს ყველას, ვინც მის ოჯახს შეურაცხყოფს.


