
გაერო–ში აშშ–ის ელჩმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრა
11/03/2021 06:28:21 საგარეო პოლიტიკა
გაერო–ში ლინდა თომას-გრინფილდმა აშშ–ის ელჩმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
"რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტის ოკუპაციას მაშინ, როცა მხარს უჭერს ან სისტემატურად უგულებელყოფს საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფას, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ან მის მახლობლად ცხოვრობენ. რუსეთს ჯერ კიდევ სრულად არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მათ შორის, მისი ვალდებულება, გაიყვანოს საკუთარი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ ეუთო-ს, მოახდინოს რუსეთზე ზეწოლა, რათა დაასრულოს ოკუპაცია და ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება სრულად შეასრულოს“, – განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა ეუთო-სთან თანამშრომლობის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას.