იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად ხმაურის და დაპირისპირების ფონზე აირჩიეს
10/03/2021 11:30:41 საზოგადოება
რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე ხმაურის და დაპირისპირების ფონზე აირჩიეს.
არჩევნები "ექსპო ჯორჯიაში" ჩატარდა.
"შიგნით საკმაოდ მშვიდად წარიმართა ეს პროცესი. გარეთ აჟიოტაჟისთვის ისევ წუხილს გამოვთქვამ. ვიცოდით, რაც იყო დაანონსებული. მგონი, რაღაცა სასწაული არ მომხდარა. ძალიან გაუჭირდათ კლუბებს მოსვლა. ვინც ვერ შეძლო, აბსოლუტურად მესმის. ეს არანაირიად არ შეუშლის მათთან თანამშრომლობას ხელს", -განაცხადა იოსებ ტყემალაძემ არჩევნების შემდეგ.
მისივე თქმით, "ვნებები ჩაცხრება და უსწრაფესად გადავლენ სამუშაო რეჟიმზე".
შეგახსენებთ, რომ დღეს, „ექსპო ჯორჯიაში", სადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობდა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და თვლიან, რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.


