რა დახმარებას სთავაზობენ კლუბებს: "ეს არის სფერო, რომელმაც ჩვენს დედაქალაქს მსოფლიოში სახელი გაუთქვა და მოიზიდა უამრავი ტურისტი"
10/03/2021 07:51:36 საზოგადოება
თბილისის მერია საკლუბო კულტურის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს დაეხმარება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„მიმდინარე პანდემიამ ეკონომიკა შესამჩნევად დააზარალა. გამონაკლისი არც შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული მიმართულება, ელექტრონული მუსიკა და საკლუბო კულტურა აღმოჩნდა. ამ სფეროს ერთ-ერთ პირველს მოუწია ვირუსის გავრცელებისთანავე პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებთან შეჭიდება. კლუბური ცხოვრება გაჩერდა, რასაც ამ მიმართულებით 5 000-მდე დასაქმებული ადამიანის და მათ უკან მდგომი ოჯახების შემოსავლის გარეშე დარჩენა მოჰყვა. დღეს ეს სექტორი გადარჩენისთვის იბრძვის. ეს არის სფერო, რომელმაც ჩვენს დედაქალაქს ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით სახელი გაუთქვა, მოიზიდა უამრავი ტურისტი და ქვეყნის ეკონომიკურ თუ კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარება შეუმსუბუქდეთ, ელექტრონული მუსიკის სივრცეებმა და სხვა ორგანიზაციებმა კი სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნონ.
„სახელმწიფოს თანადგომით უნდა დავეხმაროთ ადამიანებს კვლავ აქტიურად განაგრძონ თავიანთი საქმიანობა კულტურის სფეროს ამ მიმართულებით. თბილისის მუნიციპალიტეტი, ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, სექტორში ჩართულ ადამიანებთან კომუნიკაციის შედეგად, მათ სთავაზობს 2 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტს, რომლითაც სარგებელს მიიღებს ამ მიმართულებით დასაქმებული მინიმუმ 500 შემოქმედი ადამიანი და 50-ზე მეტი ორგანიზაცია.
- ფინანსური დახმარების პაკეტით, პირველ რიგში, მუსიკოსები, არტისტები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებს;
- ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის მოხდება საიჯარო თანხების სრულად ან ნაწილობრივ მხარდაჭერა;
- სფეროში ჩართული იურიდიული პირებისთვის მოხდება მხარდაჭერა განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე დადგენილი კომუნალური გადასახადების მხრივ;
- ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, დაიწყება ზაფხულის პერიოდში უსაფრთხო აღდგენის შესაბამისი სამუშაოების გაწევა.
იმედი გვაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურებასთან, ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ახალი სიცოცხლე შევძინოთ ღამის ცხოვრებას“, - განაცხადა კალაძემ.


