"ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი იყო დაგეგმილი პროვოკაცია. ჩვენ იქ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებიც შევამჩნიეთ"
09/03/2021 14:38:16 საზოგადოება
"ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი იყო დაგეგმილი პროვოკაცია. ჩვენ იქ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებიც შევამჩნიეთ", – ამის შესახებ საპატრიარქოს წარმომადგენელმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.
"ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი იყო დაგეგმილი პროვოკაცია მიმართულია ამ ეპარქიის და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ. გუშინდელმა კადრებმა დაგვანახა, რომ აქციაში მონაწილეთა ქცევა არ შეესაბამება მორწმუნეთა საქციელს და ვინც ამ პროცესებს გეგმავს, ძალმომრეობასაც აღარ ერიდებიან", – განაცხადა მამა მიქაელმა.
მისივე თქმით, "ინციდენტის ადგილზე პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებიც შეამჩნიეს".
"შევამჩნიეთ იქ არა მხოლოდ მორწმუნე ადამიანები, არამედ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებიც. [...] სად გინახავთ, რომ ეკლესიის მორწმუნე ადამიანი ეპისკოპოსის რეზიდენციაში ძალმომრეობით იჭრებოდეს? ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს იმისას, რომ ასეთი დესტრუქციული ქმედებების დროს ასეთ ადამიანებს აგულიანებენ ისინი, რომლებიც პოლიტიკასთან არიან შემხებლობაში".
ცნობისთვის: მარტვილში გუშინ მომხდარი ინციდენტის დროს შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ექვსი მედიის წარმომადგენელი.
ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა ეპარქიაში ახლად დანიშნული მიტროპოლიტის, სტეფანეს მიერ ორი სასულიერო პირისთვის, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურისთვის მღვდელმსახურების ჩამორთმევა. შეხლა-შემოხლის დროს, ეპარქიის მეორე სართულზე ხის მოაჯირი ჩამოინგრა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა. მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მრევლის ნაწილი ითხოვს, ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეფანემ დაუყოვნებლივ დატოვოს ეპარქია.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღძრა საქმე, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.


