ხვალ მთავრობის კანცელარიასთან აქცია სახელწოდებით "გამოდი ღირსებისთვის" გაიმართება
08/03/2021 12:31:01 საზოგადოება
ხვალ მთავრობის კანცელარიასთან აქცია სახელწოდებით "გამოდი ღირსებისთვის" გაიმართება. "გამოდი ღირსებისთვის" - აქტივისტები ამ წარწერით საინფორმაციო ბუკლეტებს თბილისის ქუჩებში არიგებენ და ხალხს მოუწოდებენ, რომ ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან 15:00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.
სამოქალაქო აქტივისტები მოითხოვენ: "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებას, ვადამდელ არჩევნებსა და პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას.
"ხვალ არის კანცელარიასთან 15:00 საათზე აქცია იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომ მანიაკი ოჯახი მართავს საქართველოს და ეს უნდა დასრულდეს", - აცხადებს მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი ნიკა ნარსია.
სამოქალაქო აქტივისტები დღეს მსვლელობას მართავენ თბილისის ქუჩებში და ყველა გამგეობის შენობასთან წარწერას "იკა ტრიი, ტრიი, ტრიი" ტოვებენ.
ცნობისთვის: “ტვ პირველმა” გაავრცელა აუდიოჩანაწერები რომლებშიც, ტელეარხის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი და სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთმანეთთან ათანხმებენ, როგორ უნდა დაისაჯონ სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის მისამართით დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.
მასალები გავიდა გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი”. მელაძე ამბობს, რომ გადაცემის გუნდმა არ იცის ჩანაწერების შექმნის თარიღი და არც ის, თუ რა ვითარებაში ჩაწერეს ისინი, ვინაიდან წყაროს, რომელმაც მასალები ტელეარხს მიაწოდა, ეს დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტელეარხის ჟურნალისტების თქმით, ჯამში, მათ ხელში აღმოჩნდა 4 აუდიოფაილი, რომლებითაც, მათი განცხადებით, “სსკ-ის რამდენიმე მუხლის დარღვევა დგინდება”. თავად აუდიოფაილების შინაარსიდან გამომდინარე, “ტვ პირველი” ვრაუდობს, რომ ჩანაწერები 2016 წლის მოვლენებს ასახავს.
აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის და ეთერში გასვლის შემდეგ მის შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ იმ პირებს, რომლებიც, სავარაუდოდ, საუბრის უშუალო მონაწილეები არიან.


