Accentnews.ge
აუდიტის სამსახური ახალციხის, ყვარლის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ფინანსური რესურსებისა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზებზე მიუთითებს

აუდიტის სამსახური ახალციხის, ყვარლის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ფინანსური რესურსებისა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზებზე მიუთითებს

05/03/2021 17:41:21 საზოგადოება

აუდიტის სამსახური ახალციხის, ყვარლის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში ფინანსური რესურსებისა და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზებზე მიუთითებს. ამის შესახებ საუბარია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ხსენებული მუნიციპალიტეტების 2018-2019 წლების საქმიანობას მოიცავს.

როგორც დოკუმენტში წერია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებობს ხელშეკრულებების მართვის ხარვეზები, შედეგად ხუთ შემთხვევაში, სამუშაოები შესასრულებლად გადაეცა გამოუცდელ ქვეკონტრაქტორებს, რის გამოც გვიანდება სამუშაოების დასრულება.

„ასევე ოთხ შემთხვევაში მიწოდების ვადები გადაწეულია დაუსაბუთებლად და გავრცელებული არ არის ჯამში − 10.5 ათასი ლარის საჯარიმო სანქცია; მიწოდების ვადის დარღვევისთვის, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დათვლილი და გავრცელებული არ არის 46.1 ათასი ლარის საჯარიმო სანქცია; ხარვეზებია სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

აუდიტის ანგარიშში ასევე საუბარია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ ავტოპარკის მართვის ხარვეზებზე:

„მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა საშუალოდ 40 ერთეულით აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე“.

როგორც ანგარიშში წერია, ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ადგილი ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტს:

„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, კონტროლის სისუსტის გამო, მუნიციპალიტეტმა სატენდერო პროცესი წარმართა იმგვარად, რომ დარღვეულია ინტერესთა კონფლიქტის პირობები, სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავდა სხვადასხვა სახის შემზღუდავ მოთხოვნას და მორგებული იყო კონკრეტული მიმწოდებლის ინტერესებს“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვის პროცესში დოკუმენტში ასახულია მნიშვნელოვანი დარღვევები.

„ქონების განკარგვის პროცესში არსებული სისუსტეების გამო, მუნიციპალიტეტს იჯარის ფორმით გაცემული აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომლის ღირებულება არაგონივრულად დაბალია საბაზრო ფასთან შედარებით. ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვა ხორციელდება არაპროდუქტიულად და ბიუჯეტი კარგავს, სავარაუდოდ, 232 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას“, – წერია დოკუმენტში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის მიერ სამ შემთხვევაში კანონმდებლობის დარღვევით განხორციელდა ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიცირება, რის გამოც არაეკონომიურად დაიხარჯა 17.8 ათასი ლარი.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ბიუჯეტიდან გადახდილი 109 ათასი ლარი არაეფექტიანად გაიხარჯა:

„მუნიციპალიტეტის მიერ გამოუყენებელია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის შესყიდული საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ღირებულებით – 109.1 ათასი ლარი. შედეგად, შესაბამისი პროექტების შესაძენად გადახდილი საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანია“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S