"ჩვენს ხელშია, ავიცილებთ თუ არა მესამე ტალღას"
05/03/2021 16:35:57 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველო მესამე ტალღისგან დაზღვეული იყოს, პირბადეების ტარების მაჩვენებელი 90%-ზე უნდა ავიდეს.
მისი თქმით, ეს მაჩვენებელი ამჟამად 62%-ია.
"მესამე ტალღა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, ყოველ შემთხვევაში ევროპის ქვეყნები ელოდებიან. მერკელმა პირდაპირ თქვა, რომ ველოდებით მესამე ტალღას და გაახანგრძლივა მკაცრი "ლოქდაუნი" 7 მარტამდე. ამერიკაში უკვე მეოთხე ტალღაზე საუბრობენ. მოსალოდნელია, თუმცა ეს არაა სავალდებულო, ეს არაა ბედისწერა. ჩვენს ხელშია, ავიცილებთ თუ არა ამ მესამე ტალღას. ამაში დაგვეხმარება ვაქცინა, მაგრამ სანამ არაა ვაქცინა, ჩვენი ბედი და მესამე ტალღის ბედი არის ჩვენს ხელში. პირბადეების ტარება არის უმნიშვნელოვანესი",– განაცხადა ცერცვაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას მარტის ბოლოს მიიღებს. როგორც გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ფაიზერის" მოწოდება 22 მარტის კვირაში მოხდება. რაც შეეხება "ასტრაზენეკას", მისი მოწოდებაც მარტის ბოლო კვირაშია მოსალოდნელი.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 272 262 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 266 253 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 563 გარდაიცვალა.


