"მარტო ვაქცინაცია საკმარისი არაა"
05/03/2021 16:30:04 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მხოლოდ ვაქცინა პანდემიის დასამარცხებლად საკმარისი არაა და მოსახლეობამ უნდა გააგრძელოს გარკვეული წესებით ცხოვრება. საუბარია პირბადეების ტარებასა და სოციალური დისტანციის დაცვაზე.
"ვაქცინა არის პანდემიის შეჩერების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, მაგრამ არა ერთადერთი. ეს კარგად უნდა დაიმახსოვროს ყველამ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ როდესაც ვაქცინა შემოვა, მხოლოდ მის იმედზე არ ვიყოთ. ყველა ის მეთოდი პანდემიასთან ბრძოლის, რომელსაც აქამდე ვუწევდით რეკომენდაციას, რჩება. არც ერთ ქვეყანას, თვით ისრაელსაც კი, 1 წუთითაც არ შეუწყვიტავს სხვა ღონისძიებების გატარება. მარტო ვაქცინაცია საკმარისი არაა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ყველას ვაქცინაციას ვერ მოახდენ იმიტომ, რომ მოსახლეობის ნაწილი არ გაიკეთებს ვაქცინას. ასევე, ბავშვებს ვაქცინა არ უკეთდება. ამასთან, ვაქცინა არ იძლევა 100%-იან დაცვას და რაღაც ნაწილს ვაქცინირებულისას, მაინც დაემართება ეს ინფექცია და არაა ცნობილი, რამდენ ხანს შენარჩუნდება ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი", – აცხადებს ცერცვაძე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას მარტის ბოლოს მიიღებს. როგორც გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ფაიზერის" მოწოდება 22 მარტის კვირაში მოხდება. რაც შეეხება "ასტრაზენეკას", მისი მოწოდებაც მარტის ბოლო კვირაშია მოსალოდნელი.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 272 262 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 266 253 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 563 გარდაიცვალა.


