"მარტში ვაქცინის პირველი დოზების მიღების შემდეგ, ვაქცინის მიღება უწყვეტად მოხდება და წლის ბოლომდე საქართველოში 3.5 მლნ დოზა შემოვა"
05/03/2021 15:44:19 საზოგადოება
"მარტში ვაქცინის პირველი დოზების მიღების შემდეგ, დანარჩენი ვაქცინის მიღება ეტაპობრივად, უწყვეტად მოხდება და წლის ბოლომდე საქართველოში 3.5 მლნ დოზა შემოვა", – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
"დღეისთვის ასეთი სიტუაციაა, რომ სასხვადასხვა მწარმოებლიდან წლის ბოლომდე 3.5 მლნ დოზის შემოტანა იგეგმება, მათ შორის „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ გარდა, ხელშეკრულება გაფორმდა „ნოვაქსთან“, რომელიც ახლა შემოდის ბაზარზე. დაახლოებით მილიონ დოზაზეა ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებული. ასე რომ, გარანტიას ვერავინ ვერავის მისცემს, თუმცა ჩემი აზრით, მარტის მესამე კვირიდან რომ დაიწყება შემოტანა, შემოტანა მოხდება უწყვეტად, შეფერხებების გარეშე. წლის ბოლომდე, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გეგმა, რომ მოსახლეობის 60% უნდა ყოფილიყო აცრილი, ანუ 1 მლნ 600-700 ათასი მოქალაქე, ეს გეგმა იქნება შესრულებული“,- განაცხადა ცერცვაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას მარტის ბოლოს მიიღებს. როგორც გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ფაიზერის" მოწოდება 22 მარტის კვირაში მოხდება. რაც შეეხება "ასტრაზენეკას", მისი მოწოდებაც მარტის ბოლო კვირაშია მოსალოდნელი.


