Accentnews.ge
"საქართველოში ბრიტანული შტამის 31 შემთხვევა დადასტურდა"

"საქართველოში ბრიტანული შტამის 31 შემთხვევა დადასტურდა"

05/03/2021 12:39:35 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ბრიტანული შტამის ფართოდ გავრცელება ამ ეტაპზე, ქვეყანაში არ არის, თუმცა, დღესდღეობით, სულ სამი კლასტერია გამოვლენილი და ჯამში, ქვეყანაში, ახალი შტამით ინფიცირების 31 შემთხვევა დადასტურდა.

მისივე თქმით, ყველა მათგანი მსუბუქი მიმდინარეობის იყო და მკურნალობას სახლის პირობებში გადიოდნენ.

"საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ფართო გავრცელება ჩვენს ქვეყანაში მას არ მიუღია. ჩვენ გვაქვს სამი კლასტერი. ოჯახური კონტაქტები იყო. 31 არის სულ დადასტურებული ამ სამი კლასტერიდან. ანუ სამი კლასტერი გვაქვს ქვეყანაში. საბედნიეროდ, ესენი იყო მსუბუქად მიმდინარე შემთხვევები, ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ, ისინი იმყოფებოდნენ კარანტინში სახლის პირობებში. ფაქტი ის არის, რომ ბრიტანული შტამისგან ისევე იცავს ნიღაბი და დისტანცია, როგორც სხვა შტამებისგან, ჩვეულებრივისგან. ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანაში სამხრეთ აფრიკული შტამი არ დადასტურებულა, ასევე არ დადასტურებულა ბრაზილიური შტამი. მუშაობა ყოველდღიური მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს საეჭვო შემთხვევები ბრიტანული და ამასაც ვსწავლობთ, - განაცხადა "დღის კურიერში" პაატა იმნაძემ.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 272 262 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 266 253 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 563 გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. საქართველოს ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა აღნიშნული დღემდე არ განხორციელებულა. კონკრეტული რიცხვი როდიდან დაიწყება ქვეყანაში ვაქცინაცია ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S