Accentnews.ge
„პუტინის დაპირების მიუხედავად, დუმიდან საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შესახებ განცხადებას უკან არ გავიწვევთ“ 

„პუტინის დაპირების მიუხედავად, დუმიდან საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შესახებ განცხადებას უკან არ გავიწვევთ“ 

09/07/2019 16:54:59 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი აცხადებს, რომ დუმიდან საქართველოს მიმართ სანქციების შესახებ განცხადებას უკან არ გაიწვევენ. 

როგორც კალაშნიკოვმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, დოკუმენტი მთავრობას საჭიროების შემთხვევაში მყისიერი საპასუხო ზომების მიღების საშუალებას აძლევს. 

„არა, დუმიდან ამ განცხადებას არ გავიწვევთ. მართალია, პუტინმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მას ამ დოკუმენტის მიღება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, მაგრამ პრეზიდენტი თავის თავს თვითონ ხომ ვერ დაიცავდა. [...] თუკი საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს წაყრუებას, მაშინ მთავრობა ვალდებულია მოამზადოს ზომები. ჩვენ დოკუმენტში განზრახ არ მივუთითეთ კონკრეტული შემთხვევები“, – განაცხადა კალაშნიკოვმა.

დღეს რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა. დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ-ის საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას. დუმის გადაწყვეტილება ძალაში იმ შემთხვევაში შევა, თუ მას მთავრობაც დაუჭერს მხარს და პრეზედენტიც მოაწერს ხელს. დღესვე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საქართველოს მიმართ სანქციების დაწესების წინააღმდეგ გამოვიდა. "მე ამას ქართველი ხალხისადმი პატივისცემით არ გავაკეთებ", – განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის:  თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსეთის ხელისუფლებამ თბილისში განვითარებული მოვლენები  “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, კრემლმა საქართველოში მყოფ რუს ტურისტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. 

შეგახსენებთ, რომ  კრემლში "რუსთავი 2"–ის ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინების გამოც გაღიზინდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S