გეგეჭკორი: "დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება"
03/03/2021 11:41:33 საზოგადოება
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი აცხადებს, რომ საქართველოში დროული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება.
"ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვიშოვოთ ვაქცინა. პირდაპირ ვართ დამოკიდებული ამაზე. თუ ვერ მოხერხდა დროული ვაქცინაცია და მყარი იმუნიტეტის შექმნა, საზოგადოების დიდი ნაწილში პანდემია გაგრძელდება და უმართავი გახდება იმიტომ, რომ ახალი და ახალი შტამები გაჩნდება. ცხადია, ეს, პირველ რიგში, საფრთხეს შეუქმნის ადამიანების სიცოცხლეს და დააზარალებს ეკონომიკას", – აცხადებს გეგეჭკორი.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს თებერვლის ბოლოს დაიწყებდა, თუმცა ვაქცინა სახელმწიფოში ამ დრომდე არ შემოსულა. ხელისუფლება ჯერ–ჯერობით კონკრეტულ ვადასაც ვერ ასახელებს, როდის დაიწყება საქართველოში ვაქცინაციის პროცესი.
უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 271 739 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 265 805 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 541 პირი გარდაიცვალა.


