UNICEF: "ბოლო 1 წლის განმავლობაში მსოფლიოში 168 მილიონზე მეტ ბავშვს სკოლაში სწავლაზე წვდომა არ ჰქონდა"
03/03/2021 09:09:57 მსოფლიო, საზოგადოება
გაერო–ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) განცხადებით, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში მსოფლიოში პანდემიის გამო 168 მილიონზე მეტ ბავშვს სკოლაში სწავლაზე წვდომა არ ჰქონდა.
UNICEF–ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში 4 სემესტრიდან 3 სემესტრის განმავლობაში ყოველი 7 ბავშვიდან ერთი საკლასო ოთახში სწავლის პროცესში ვერ ჩაერთო. როგორც გაერო–ს ბავშვთა ფონდში აცხადებენ, ასეთი მოსწავლეების რაოდენობა 214 მილიონამდეა.
მისივე განცხადებით, ბოლო 1 წლის განმავლობაში რიგ ქვეყნებში სასკოლო პროცესი პერიოდულად განახლდა და შეჩერდა, თუმცა მსოფლიოს 14 ქვეყანაში სკოლები სრულად დახურული იყო.
"ამ 14 ქვეყნის 2/3 ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის სახელმწიფოებია", – აცხადებენ UNICEF–ში.
გაერო–ს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს, ქვეყნების მთავრობებს ძალისხმევა არ დაიშურონ, რათა სკოლებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობდეს.


