Accentnews.ge
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო "კოვაქსისგან" განმარტებებს ითხოვს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო "კოვაქსისგან" განმარტებებს ითხოვს

01/03/2021 10:48:21 საზოგადოება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის გადავადება ქვეყნის მზაობას არ უკავშირდება, მიზეზი "ფაიზერის" მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენებაა და დღეს გაკეთებული განცხადების გამო "კოვაქსის" პლატფორმას განმარტებისთვის მიმართეს.

"დღეს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა საქართველომ ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები. ჩვენ ნახევარი საათის წინ მივმართეთ "კოვაქსის" პლატფორმას და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადებაზე, რომელიც გაჟღერდა "ინტერპრესნიუსზე". წერილებში, რაც ჩვენ გვაქვს მიღებული, ეს არის 22 თებერვლის წერილი, გადავადების მიზეზი მითითებული არის "ფაიზერის" მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას", - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, საქართველო "კოვაქსის" პლატფორმას შექმნისთანავე, გასული წლის სექტემბერში შეუერთდა. გაბუნია ამბობს, რომ 8 ოქტომბერს ქვეყანამ გადაიხადა 5 300 000 დოლარი, იმისთვის რომ გარანტირებული მოწოდება ჰქონდა ვაქცინის, მოსახლეობის 20%-სთვის წლის ბოლომდე.

"ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობა დაიწყო 2020 წლის ნოემბერში. 18 იანვარს ქვეყანამ გააკეთა განაცხადი "კოვაქსის" პლატფორმაზე მზაობის დასადასტურებლად, რომ ის მზად არის მიიღოს ნებისმიერ ცივი ჯაჭვის მოთხოვნების მქონე ვაქცინა, მათ შორის "ფაიზერი", "ასტრაზენეკა" და "მოდერნა". მოდერნა ამ დროისთვის კოვაქსის პლატფდორმაზე არ განიხილება, ამიტომ 2 ვაქცინაზე ვმუშაობთ. შემდეგ 28 იანვარს ქვეყანამ მიიღო მზაობის შეფასების საფუძველზე დამადასტურებელი წერილი, რომ გადაეცემა "ფაიზერის" 29 000 დოზა, ხოლო "ასტრაცენეკას" 180 - 300 000–მდე დოზა ეტაპობრივად", - აღნიშნა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ "28 იანვარის შემდეგ დაიწყო აქტიურად მუშაობა შესყიდვის პროცედურებზე "კოვაქსის" მეშვეობით.

"ასტრაზენეკას" შემთხვევაში ქვეყანამ გაიარა პასუხისმგებლობების დაზღვევის ხელშეკრულების ეტაპი. ეს არის კიდევ ერთი ეტაპი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და ამით ერთი ეტაპი დასრულდა. ზუსტად იგივე ეტაპი გასავლელია "ფაიზერთან" მიმართებაში. როცა ველოდებით "ფაიზერის" შემოტანას, "კოვაქსმა" შეგვატყობინა, რომ არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები "ფაიზერის" მიერ, რომელიც არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მიღებისთვის და დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომლის დეტალებს 23 თებერვლის წერილში "კოვაქსი" ვერ გვატყობინებს, თუმცა გვპირდება, რომ მომდევნო კვირაში დაინიშნება სატელეფონო კონსულტაცია, სადაც დაზუსტდება ეს პირობები. საბოლოოდ შევთანხმდებით პირობებზე, მერე გადავალთ ფინანსურ ნაწილზე", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის: "კოვაქს" პლატფორმის განცხადებით, თებერვალში კორონავირუსის ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.

"თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენს მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ", - განუცხადეს "კოვაქსში" "ინტერპრესნიუსს".

რაც შეეხება კრიტერიუმებს, "კოვაქსის" ინფორმაციით, "ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა "კოვაქსის" პლატფორმიდან დოზების მიღება შეძლოს".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S