თბილისში საბავშვო ბაღებმა სააღმზრდელო პროცესი შეცვლილი წესებით განაახლეს
01/03/2021 05:55:58 საზოგადოება
თბილისში საბავშვო ბაღებმა სააღმზრდელო პროცესი შეცვლილი წესებით განაახლეს. გახსნილია 177 ბაღი.
ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის კახაბერ გვანცელაძის თქმით, ყველა მათგანი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით გაიხსნა.
"შეზღუდულია მშობლების შესვლა დაწესებულებებში. აღმზრდელი ხვდება ყველა ბავშვს და შეყავს შენობაში, სადაც უტარდება თერმოსკრინინგი. ამის შემდეგ გადადის ის ძირითად ოთახში. თუ ბავშვს აღმოაჩნდება ტემპერატურა, ის მოთავსდება საიზოლაციო ოთახში. ამის შემდეგ ველოდებით მშობელს, რომელიც მას წაიყვანს",- განაცხადა გვანცელაძემ.
მისივე თქმით, დაწესებულია რეგულაციები როგორც ინფრასტრუქტურის, ისე კვების კუთხით.
"შემოვიღეთ ინდივიდუალური ჩანთები, სადაც არის განთავსებული ბავშვების ინდივიდუალური ნივთები", - აცხადებს გვანცელაძე.
ასევე, როგორც ბაღების სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, გაწერილია ბავშვების ბაღში მიყვანის და გაყვანის გრაფიკი.
საჯარო და კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა მუშაობა 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით განაახლეს.


