ჟიჟილაშვილი: "მქონდა შემთხვევა, როცა სადარბაზოსთან დამხვდნენ და ფოტოებს მიღებდნენ"
25/02/2021 18:00:43 საზოგადოება
ტელეკომპანია "ფორმულას" წამყვანი ნინი ჟიჟილაშვილი აცხადებს, რომ კრიტიკულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა იშვიათი არ არის.
როგორც ჟიჟილაშვილმა სოფო ზურაბიანის "პოლიტიკის ფორმულაში" განაცხადა, დაახლოებით თვენახევრის წინ მას უცნობი პირი სახლთან დახვდა და ფოტოებს უღებდა.
"ჩემი შეცდომაა, რომ ამის შესახებ არ ვთქვი საჯაროდ და არ მივმართე პოლიციას. მქონდა შემთხვევა, როცა სადარბაზოსთან დამხვდნენ და მიღებდნენ ფოტოებს. მეზობელი ჩაერია და მეორედ იგივე მამაკაცი დამხვდა და შემდეგ უკვე ოჯახის წევრები ჩაერივნენ. ამით სიტუაცია განიმუხტა. ეს ხდება შიგადაშიგ. ვერ ვიტყვით, რომ ეს ხალხი აუცილებლად მოგზავნილია, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ არა. ჩემი ეზო არის შემოფარგლული და შემთხვევით იქ არავინ ხვდება. ანუ ვიღაც დგას, გელოდება. შემდეგ შემომყვა სადარბაზოში, როცა მეზობლებმა ჰკითხეს ვინ ხარ, მერე გაიქცა", - განაცხადა ჟიჟილაშვილმა.
ცნობისთვის: 25 თებერვალს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. მომხდარს შეესწრო ტელეწამყვანის მცირეწლოვანი შვილი. შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს. ვახო სანაია მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ რომ მას თავს დაესხნენ, როგორც მედიის წარმომადგენელს. სანაია ყვება, რომ თავდამსხმელები ნასვამები და აგრესიულები იყვნენ.


