მთავრობის ადმინისტრაციას ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ 4–აბზაციან ინფორმაციაში 3 შეცდომა უპოვეს
25/02/2021 17:47:13 საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მოკლე ინფორმაციაში სამი შეცდომა დათვალეს.
“საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.
1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია საქართველოში შემოიჭრა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური ჯარის ნაწილები თბილისში შემოვიდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღეებში ჯარისკაცთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.
იუნკერები საქართველოს თავისუფლებისთვის 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან იბრძოდნენ”,– ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
“სამოქალაქო მოძრაობის" თავდაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი პაატა გიგაური შეცდომებზე მიუთითებს:
- 11 თებერვალს (12 რომ თენდებოდა), ღამის 00:00-ზე დაიწყო ინტერვენცია და არა 17-ში;
- ჯარისკაცთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე ა რ (!!) დაღუპულა;
- იუნკრების ასეულს (136 იუნკერი) იაღლუჯასთან არ უბრძოლია: იბრძოდნენ ტაბახმელაში და ჯამში დაიღუპა 9 იუნკერი და 2 ოფიცერი.
დაღუპული იუნკერები იყვნენ: ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია ჯანდიერი, იოსებ ჯანდიერი.
დაიღუპა სამხედრო სკოლის ორი ოფიცერი: მაიორი არჯევან ანანიაშვილი და ლეიტენანტი ირაკლი თოიძე.
დაიჭრა სამხედრო სკოლის 7 ოფიცერი და 43 იუნკერი. დაღუპულ იუნკერთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე არსებული სამხედრო ტაძრის ეზოში დაკძალეს. დღეს ამ ადგილზე საქართველოს პარლამენტის შენობა დგას.


