მედიაკოალიცია: "ოცნების" რიტორიკის გამო ჟურნალისტების მუშაობისთვის ტოქსიკური გარემო იქმენა"
25/02/2021 11:58:10 საზოგადოება
მედიაკოლაცია "ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ კორესპონდენტსა და მის ოჯახზე თავდასხმა წარმოადგენს კრიტიკული მედიის მიმართ მმართველი პარტიის აგრესიული დამოკიდებულების სამწუხარო შედეგს.
მედიაკოალიციაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" წევრების რიტორიკის გამო,საქართველოში იქმნება ტოქსიკური გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის.
"ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება ქართული ოცნების წევრების რიტორიკის გამო, რომლითაც საქართველოში იქმნება ტოქსიკური გარემო მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტების თავისუფალი მუშაობისათვის. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჟურნალისტების პოლიტიკურ ოპონენტებად გამოცხადება და მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება ახალისებს ისედაც პოლარიზებული საზოგადოების ნაწილს, რომ თავს დაესხან ჟურნალისტებს სიტყვიერად ან ხელი შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში", - ნათქვამია განცხადებაში.
მედიაკოალიციაში აცხადებენ, რომ დღემდე გამოუძიებელია ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები:
"2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში თუ უშუალოდ არჩევნების დღეს ჟურნალისტებზე თავდასხმისათვის არც ერთი პირი არ არის პასუხისგებაში მიცემული, თუმცა გამოძიება დაწყებულია - დაუსჯელობა კი ხელს უწყობს ძალადობის წახალისებას".
მედიაკოალიცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფი და დროული რეაგირება მოახდინონ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით:
"მოვუწოდებთ მმართველ პარტიას უარი თქვას აგრესიულ დამოკიდებულებაზე მედიის მიმართ. მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ქართული მედიის წარმომადგენლებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმების ფაქტებს".
ცნობისთვის: "ფორმულას" ტელეწამყვანს ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს. ვახო სანაია მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ რომ მას თავს დაესხნენ, როგორც მედიის წარმომადგენელს. სანაია ყვება, რომ თავდამსხმელები ნასვამები და აგრესიულები იყვნენ.
იხილეთ ასევე: მმართველი გუნდის რეაქცია ჟურნალისტზე განხორციელებულ თავდასხმაზე


