"სანაიას თავდასხმაზე სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი"
25/02/2021 10:52:58 საზოგადოება
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ ტიპის ქმედებების მიმართ სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი.
ლომჯარიას თქმით, ჟურნალისტის პროფესია და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოს დემოკრატიულობის უმნიშვნელოვანესი ნიშანია.
"უკიდურესად შემაშფოთებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა.ამ ტიპის ქმედებების მიმართ სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი. ჟურნალისტის პროფესია და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოს დემოკრატიულობის უმნიშვნელოვანესი ნიშანია. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ინფორმაციის გავრცელების თავისუფალი შესაძლებლობა, მიუხედავად მისი შინაარსისა. თუკი ჟურნალისტს თავს ესხმიან მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს დანაშაულებრივი ქმედებები ადეკვატურ და მკაცრ რეაგირებას საჭიროებს, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები", - აცხადებს ომბუდსმენი.
იგი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ აწარმოოს ეფექტური გამოძიება და იმსჯელოს სპეციფიკური შემადგენლობის გამოკვეთაზე და უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა ადეკვატური დასჯა.
ცნობისთვის: "ფორმულას" ტელეწამყვანს ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს. ვახო სანაია მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ რომ მას თავს დაესხნენ, როგორც მედიის წარმომადგენელს. სანაია ყვება, რომ თავდამსხმელები ნასვამები და აგრესიულები იყვნენ.
იხილეთ ასევე: მმართველი გუნდის რეაქცია ჟურნალისტზე განხორციელებულ თავდასხმაზე


