დანგრეული სასტუმრო, გაყინული საბაგირო – მთავრობამ ზამთრის კურორტები გახსნა
25/02/2021 08:07:01 ეკონომიკა
დღეიდან, ზამთრის სეზონის მიწურულს, ზამთრის კურორტებს მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ, თუმცა როგორც დაანონსებულია, საბაგიროები 8 მარტიდან გაიხსნება. როდესაც ეკონომიკის მინისტრს ჰკითხეს, რატომ არ მიაწოდეს წინმსწრებად ინფორმაცია სექტორში დასაქმებულებს, რათა მათ მოსამზადებლად დრო ჰქონოდათ? რატომ არ ცდილობს ეკონომიკური გუნდი პროგნოზირებადი გარემოს შექმნას, მინისტრმა ჩათვალა, რომ იმდენად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს კითხვა უადგილოა.
თავად გადაწყვეტილების მნიშვნელოვნებას იზიარებს სექტორის წარმომადგენელი ვატო ასათაშვილი, მაგრამ ფიქრობს, რომ არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები აზიანებს ეკონომიკას.
მისივე შეფასებით, ვინაიდან საზოგადოების გულისწყრომა მაღალია, ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებით მათ „კოჭი გაუგორეს“.
„მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვები მოიხსნა, რომელიც ადრეც უნდა მოხსნილიყო. შედეგი უფრო გრძელვადიანი იქნება. მნიმალური შემოსავლები სეზონის ბოლოს გენერირდება. ყველამ იცის, რომ ზამთრის კურორტებზე პიკური სეზონები გვაქვს დეკემბერში, შემდეგ 20 იანვრიდან თებერვლის დასაწყისამდე სეზონი ჩერდება და ყველაზე მაღალი დატვირთვა როგორც წესი, მოდის თებერვლის 25–მდე. საბაგიროების გახსნა ისე გადაწიეს, რომ არდადაგებს ააცილონ, რომ ტრეფიკი ნაკლები იყოს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ტრეფიკი კურორტებზე შეამციროს და თუ ტრეფიკი არ გვექნება, ეს ავტომატურად შემოსავლების არქონას გულისხმობს. მსგავსი არათანმიმდევრული ნაბიჯები ჯამში აზარალებს ბიზნესს, აზარალებს ეკონომიკას. გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, ვინაიდან საზოგადოების გულისწყრომა მაღალია – ეს „კოჭის გაგორება“ იყო.
ასევე მნიშვნელოვანია, როგორ ხვდებიან ზამთრის კურორტების რეგულაციების შემსუბუქებას. მაგალითად, სოციალურ ქსელებში გავრცელდა გაყინული საბაგიროს ფოტო, რომელიც სავარაუდოდ გუდაურშია გადაღებული.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ სვანეთში, კურორტ თეთნულდზე არსებული ერთადერთი შენობა-ნაგებობა, რომლის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიაა“, უყურადღებობის გამო თითქმის მთლიანად განადგურდა. თოვლმა რესტორნის სახურავი სრულად ჩაანგრია.

სწორედ ამ მოვა პატრონობის ნაკლებობის გამო ჩამოინგრა შენობა. ზარალი ძალიან მძიმეა, რადგან მთლიანი სახურავია ჩამონგრეული. ეს და სხვა ზარალი მთლიანად ვნებს კურორტს, მოსახლეობას. ეს რესტორანი კურორტზეა განთავსებული და ერთადერთი სივრცე იყო, სადაც შეიძლებოდა, ადამიანს საკვები მიერთვა“,– ამბობს აქტივისტი ლაშა რატიანი.

კომპანიის წარმომადგენელმა დათო ჯაფარიძემ კი „სვანეთის სათემო რადიოს“ ბუნდოვანი პასუხი გასცა:

„სახურავის ჩანგრევის მიზეზი გახდა სტიქია, დიდი თოვლი. ორი დღე ვერ მოვახერხეთ ასვლა. კიდევ რაღაც კითხვები არის მანდ, წესით არ უნდა ჩანგრეულიყო და უნდა გაეძლო თოვლისთვის. რამდენიმე დღე გადაბმული თოვა იყო, ცენტრალური გზიდან 9 კილომეტრია გასავლელი. დღეს მანქანებით ვერ ავიდნენ, თხილამურებით გადავიდნენ და ასეთი სიტუაცია დახვდათ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

სტუმარ–მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები ერთ–ერთ მთავარ პრობლემად არაპროგნოზირებად გარემოს ასახელებენ
„სახელმწიფომ საზოგადოება და ბიზნესი შეუშვა ჯუნგლებში – არ ჰყავს წინამძღოლი, არ აქვს დახმარება, ვინც ამ ვითარებაში გადარჩება, ის იქნება ცოცხალი, ვინც ვერა, მოკვდება. ეს ვითარება გვაქვს. არ არსებობს საკითხისადმი გეგმიური, სტაბილური მიდგომა, რომ ჩვენ მინიმუმ, ერთი კვირა განვსაზღვროთ, როგორ იცხოვროს ადამიანმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ჯუნგლებში ბევრი ვერ გადარჩება და ვინც გადარჩება, არაფრის შესაძლებლობა ექნება“,– აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია ბევრი ობიექტი – სტული კოლაფსია სფეროში.
„ეს არა გახსნა, ერთ–ერთი დამატებითი ფუნქციაა, როგორც გატანის სერვისი“,– ამბობს ბურჯანაძე და განმარტავს, რომ რესტორნებისთვის დატვირთვა ძირითადად შაბათ–კვირაზე მოდის, თუმცა რესტორნებისთვის შაბათ–კვირა შეზღუდვების გამო გამოუყენებელია. ამასთან, კომენდანტის საათის პირობებში რესტორნებს დახურვა მაქსიმუმ 20:00 საათზე უწევთ.
„არაკომპეტენტური გადაწყვეტილებები აფერხებს ეკონომიკას, ამის საპირწონედ კი არაფერი კეთდება. და ეს საუბრებიც ფუჭი იქნება, თუ ვაქცინაცია არ დაიწყო“.


