ექიმები ნიკა მელიას თაობაზე აშშ–ისა და ევროკავშირის ელჩებს მიმართავენ
25/02/2021 05:59:41 საზოგადოება
"საქართველოს კლინიკების ასოციაცია" ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას თაობაზე აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს მიმართავს და სთხოვს "პროცესების დეესკალაციის საკითხებში" დაეხმაროს.
“საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე წინააღმდეგობების მიუხედავად ყოველთვის დომინირებდა ქართველი ერის სწრაფვა ევროპული და დასავლური ღირებულებებისადმი. საქართველოში დღეს შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი სახელმწიფოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და დემოკრატიულ განვითარებას. საქართველოს ინტელიგენციის დიდი ნაწილი, პროფესორ-მასწავლებლები, ექიმები, სამეცნიერო და აკადემიური წრის წარმომადგენლები სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს მოქალაქეს ნიკა მელიას. სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა პოლიტპატიმარს. დაუშვებელია ადამიანები ისჯებოდნენ სამშობლოს სიყვარულის გამო. ჩვენი ვალია დავიცვათ პატრიოტული სულისკვეთების მქონე თითოეული ადამიანი, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და მომავლის სადარაჯოზე. გთხოვთ, დიპლომატებს, თქვენი ქვეყნის პოლიტიკოსების აქტიური ჩართულობით, დაგვეხმაროთ პროცესების დეესკალაციის საკითხებში და ყველა სახის ღონისძიებები გაატაროთ საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით", - აღნიშნულია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ:
- "საქართველოს კლინიკების ასოციაციის" პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი ვილი პაჭკორია;
- სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი;
შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს სამართალდამცველები ენმ–ის ოფისში შტურმით შევიდნენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.


