სექსუალური შევიწროება, ძალადობა, თაღლითობა – 9 ფეხბურთელი ქალი მთავარ წვრთნელს ადანაშაულებს

24-02-2021 21:10:02 სამართალი

9 ფეხბურთელი გოგო მთავარ მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებასა და თაღლითობაში ადანაშაულებს. საქმეს ამ დროისთვის პროკურატურა იძიებს. თავად კლუბის ანგარიშები და ქონება დაყადაღებულია.

როგორც ორგანიზაცია PHR აღნიშნავს, რომელი ამ კონკრეტულ საქმეში ფეხბურთელების უფლებებს იცავს, პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო 9 ქალი (მათ შორის ერთი ბავშვი) ფეხბურთელი, რომელთა მიმართაც, მწვრთნელის მხრიდან, ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, გარყვნილ ქმედებასა და თაღლითობას.

PHR-ის ცნობით, ქალი ფეხბურთელები წლების განმავლობაში განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროებას და სექსუალურ ძალადობას მწვრთნელის მხრიდან. სექსუალური შევიწროება და დანაშაული გამოიხატებოდა არასასურველ ფიზიკურ შეხებაში, სექსუალური შინაარსის კომენტარებსა და პორნოგრაფიული მასალის იძულებით ყურებაში.

რაც შეეხება თაღლითობას - ორგანიზაციის ცნობით, მწვრთნელი ფეხბურთელებს მოტყუებით აბრუნებინებდა ხელფასის ნაწილს. კერძოდ, მათ ეუბნებოდა, რომ ხელფასიდან დაბრუნებული თანხა კლუბის შემდგომი ფუნქციონირებისათვის იყო საჭირო.

ქალი/ბავშვი ფეხბურთელების მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე PHR-მა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა პოლიციას. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოთხოვნა და უარი თქვა ქალი/ბავშვი ფეხბურთელების დაზარალებულად ცნობაზე.

ამჟამად სტატუსის მოპოვებას ორგანიზაცია სასამართლოს გზით ცდილობს. გამოძიების პარალელურად, სექსუალური შევიწროების საქმეს საქალაქო სასამართლო უკვე განიხილავს. მოპასუხე საქმეში არის, როგორც უშუალოდ მწვრთნელი კაცი, ასევე საფეხბურთო კლუბი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რადგან ორგანიზაციის ცნობით, „მათთვის ცნობილი იყო დისკრიმინაციის შესახებ და არაფერი იმოქმედეს გოგოების და ბავშვების დასაცავად“.

მოთხოვნებს შორის არის დისკრიმინაციის ფაქტების დადგენა, სექსუალური შევიწროებისგან ფეხბურთელების დაცვის მექანიზმის შექმნის დავალდებულება და მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეებისთვის.

ამ საქმის წარმატებით აღსრულების მიზნით PHR-მა იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ და აიკრძალა მწვრთნელის უძრავი ქონებისა და საფეხბურთო კლუბის წილების გასხვისება.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს არის ფეხბურთელი ქალების მიმართ სექსუალურ შევიწროების რიგით მეორე საქმეა:

„პრობლემა სისტემურია და საჭიროებს დაუყოვნებელ ცვლილებას“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები