"იმედი გვაქვს, რომ "ფაიზერის" ვაქცინას საქართველო მარტის პირველ-ორ კვირაში მიიღებს"
24/02/2021 11:00:43 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კვირის ბოლომდე შედგება კიდევ ერთი კონსულტაცია "ფაიზერის“, "კოვაქსისა" და საქართველოს მხარის მონაწილეობით, სადაც ცნობილი გახდება ზუსტი დრო, თუ როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას.
"მიმდინარე პერიოდში, ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებას და იმედი გვაქვს, მარტის პირველ-ორ კვირაში მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდებით "ფაიზერისგან".- აცხადებს გაბუნია.
საქართველოს თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე "ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზა უნდა მიეღო, თუმცა როგორც გაბუნია ამბობს, დამატებითი მოთხოვნების გამო მოწოდება გადავადდა.
"ამ დოზებს თებერვლის ბოლომდე ველოდებოდით, თუმცა „ფაიზერის“ მიერ დაყენებული დამატებითი მოთხოვნების გამო, ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც ეს დოზები უნდა მიეღო, გარკვეული გადავადება მოხდა. ამდენად, მიმდინარე პერიოდში, ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებას და იმედი გვაქვს, მარტის პირველ ორ კვირაში მივიღებთ იმ დოზებს, რასაც ველოდებით „ფაიზერისგან“. რაც შეხება „ასტრაზენეკას“, ასევე „ასტრაზენეკასთან“ მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია როგორც „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით, ასევე უშუალოდ „ასტრაზენეკასთან“. მოგეხსენებათ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავტორიზაცია მისცა „ასტრაზენეკას“ ორ ვაქცინას, ესენია: ინდური წარმოების და კორეული წარმოების ვაქცინები. ჩვენი ქვეყნისთვის მოსალოდნელია „კოვაქსის“ პლატფორმით ქვქონდეს წვდომა ამ ორივე ვაქცინაზე. მიმდინარე დღეებში დაზუსტდება დეტალები, „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით რა რაოდენობას მივიღებთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას. სავარაუდო, წინასწარი რაოდენობა არის 315 000 დოზამდე, მაგრამ ეს დაზუსტდება და უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგახსენებთ", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


