საია მელიას დაკავების დროს "წიწაკის სპრეის" გამოყენებას საერთაშორისო სტანდარტების დარღვევად აფასებს
24/02/2021 08:25:52 საზოგადოება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ გუშინ, 23 თებერვალს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, სადაც ბუნებრივი ვენტილაცია არ ხდებოდა, სამართალდამცავებმა "სისაკის სპრეი" კანონისა და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოიყენეს. საუბარია პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების დროს გამოყენებულ ღონისძიებაზე.
"დაუშვებელია მათი გამოყენება პასიური წინააღმდეგობის დროს, ასევე დახურულ სივრცეებში, სადაც არ არის ადეკვატური ვენტილაცია ან უსაფრთხო გასასვლელი. ასეთ შემთხვევაში, არსებობს ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების საფრთხე. ქიმიური საშუალებები უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც სამართალდამცავებს აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ ეს საშუალებები არ გამოიწვევს ჯანმრთელობის გაუმართლებელ პრობლემებს. აუცილებელია მათი სწორად გამოყენება, რაც გულისხმობს ცრემლსადენი გაზის/წიწაკის სპრეის შესხმას პირისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ვიდეოკადრებში, რომელიც ქიმიური საშუალებების გამოყენების დროს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შიდა სივრცეს ასახავდა, ჩანს, რომ სპრეის სამართალდამცავები იყენებენ მოქალაქეებისგან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით. ხსნარის გამოყენების შემდეგ მოქალაქეებს დაეწყოთ ხველა და ცდილობდნენ მინის ჩამსხვრევას.


