რუსეთის ციხეში ქართველი წამებით მოკლეს

23-02-2021 19:08:37 სამართალი

რუსული გამოცემა «Новая газета» იაროსლავლის №1 კოლონიაში ორი მსჯავრდებულის წამების ამსახველ ვიდეოებს ავრცელებს. კადრები 2016 წლითაა დათარიღებული.

პირველ ვიდეოზე ასახულია პატიმარ ანდრეი ივანოვის წამება: იგი მაგიდაზე დააწვინეს, დააბეს და ხელკეტებით ცემეს. ეგზეკუციის წინ ივანოვი ასწრებს ციხის თანამშრომლებისთვის იმის თქმას, რომ "ღმერთი ყველა მათგანს დასჯის".

ირკვევა, რომ წამების მიზეზად იქცა წინააღმდეგობა, რომელიც ივანოვმა ციხის თანამშრომლებს მუსლიმებისთვის წმინდა ყურანის იატაკზე დანარცხების გამო გაუწია.

მეორე ვიდეოზე ასახულია საქართველოს მოქალაქე ვაჟა ბოჭორიშვილის წამება. პატიმარი ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

«Новая газета»-ს ცნობით, ბოჭორიშვილი ციხის საავადმყოფოში 2016 წლის მაისში გადაიყვანეს, წამების ფაქტი კი 12 აპრილს მოხდა. გონების დაკარგვამდე ცემის შემდეგ იგი სამარტოო საკანში იყო მოთავსებული, რათა არავის დაენახა. არსებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულით გარკვეულ ეტაპზე თავად ციხის თანამშრომლებიც შეშინდნენ და პატიმრის მკურნალობა სცადეს, თუმცა ამაოდ. ამის შემდეგ ბოჭორიშვილი უმძიმეს მდგომარეობაში ქალაქ რიბინსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მას ღვიძლის მძიმე დაზიანებები და სხვა ტრავმები დაუდგინეს. ანკეტაში ღვიძლის გადანერგვის აუცილებლობა ჩაიწერა.

ბოჭორიშვილი კლინიკაში 9 მაისს გარდაიცვალა, როცა გათავისუფლებამდე 1,5 წელი რჩებოდა, 2 წელი კი უკვე მოხდილი ჰქონდა.

«ნათესავებს ცხედარი მხოლოდ რამდენიმე დღეში გადასცეს. ძმის ინფორმაციით, ყველა შინაგანი ორგანო ამოღებული იყო», – წერს გამოცემა.

ამონარიდები ბოჭორიშვილის წამების ამსახველი ვიდეოდან:

— არ მომიახლოვდეთ! საკმარისია, კმარა!

— მიდი, მიდი, უფრო მაგრად! — ამხნევებს მწამებელ კოლეგას ციხის თანამშრომელი.

— საკმარისია, კმარა! — ყვირის ბოჭორიშვილი.

— მიდი, მიდი, უფრო მაგრად!

კადრებში ჩანს, როგორ ჩამოათრევს ციხის თანამშრომელი ბოჭორიშვილს მერხიდან და იგი იატაკზე უსულგულოდ ეცემა.

«ადექი, ბოჭორიშვილო!» — უყვირის ერთ-ერთი მწამებელი, მაგრამ გვერდზე მწოლიარე მამაკაცი არ ინძრევა.

«Интерфакс»-ის ცნობით, ამ პუბლიკაციის შემდეგ კოლონიაში მოკვლევა დაიწყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები