ადვოკატი: "ნიკა მელია თავს ისე მხნედ გრძნობს, როგორც არასდროს, მისი მთავარი გზავნილია – „ბრძოლა გამარჯვებამდე!“

23-02-2021 15:20:52 სამართალი

"ნიკა მელია თავს ისე მხნედ გრძნობს, როგორც არასდროს, მისი მთავარი გზავნილია – „ბრძოლა გამარჯვებამდე!“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა რუსთავის #12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პოლიტიკოსის მონახულების შემდეგ განაცხადა.

„ნიკა მელია თავს ისე მხნედ გრძნობს, როგორც არასდროს, მისი მთავარი გზავნილი არის ბრძოლა ბოლომდე. იგი არის ბედნიერი იმით, რომ ოფისში შეკრებილი მოქალაქეები მშვიდად და ყოველგვარი ძალადობის გარეშე დახვდნენ სპეცდანიშნულების რაზმს. ადამიანებმა არ მიიღეს დაზიანებები. ეს მოწოდება იყო ნიკა მელიას მხრიდან- თუ მოვლენ ძალადობით, უნდა დავხვდეთ სიმშვიდით, ტაშით, სიმღერით. ეს იყო ყველაზე დიდი საფიქრალი, რაც მას ჰქონდა. იგი არის ბედნიერი, რომ არ იყო პროვოკაცია და ადამიანები არ დაზიანდნენ. იგი არის ამაღლებულ განწყობაზე, მხნედ, მოუწოდებს როგორც თავის მეგობრებს, ასევე საზოგადოების წევრებს, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე და ისეა გამარჯვებაში დარწმუნებული, როგორც არასდროს“, - განაცხადა კონდახიშვილმა.

მისივე თქმით, ადვოკატები სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ:

„ჩვენ გვექნება ჩვენი პოზიცია როგორც პატიმრობის მოხსნის კუთხით, ასევე როცა არსებითი განხილვა დაიწყება, თავიდან ბოლომდე ნათელს მოვფენთ, რომ ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. ჩვენ მოგეხსენებათ სააპელაციო სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული, ველოდებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო, ჩაინიშნება თუ არა პროცესი. ასევე, მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ საქმეზე არსებითი განხილვა არ დაწყებულა, უნდა მოხდეს მტკიცებულებათა გამოკვლევის დაწყება. ჩვენ, როგორც მისი მეგობრები, ინტერესების დამცველი ადვოკატები, სამართლებრივ მექანიზმებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ. მისი მხრიდან არის მესიჯი, რომ „ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები