აფხაზეთში ღვთისმსახურება შეწყდა

22-02-2021 13:43:29 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის ტაძრებში ღვთისმსახურება "დროებით - აფხაზური ეკლესიის სტატუსის განსაზღვრამდე" შეწყდა. ამის შესახებ "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" წინამძღოლმა, მამა ბესარიონ აპლიამ განაცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ მრევლისთვის ეკლესიები ღიად დარჩება.

«დღევანდელმა სასულიერო პირებმა, რომლებიც თავის გარკვეულ ეპარქიებში გაუშვეს, იქ უნდა დააყენონ საკითხი თავისი წინამძღოლების წინაშე, რათა ამ უკანასკნელებმა, თავის მხრივ, პატრიარქ კირილის წინაშე დააყენონ საკითხი, რა მოვიმოქმედოთ სამომავლოდ. 30 წელია, ასეთ სიტუაციაში ვართ – ასე შეუძლებელია... ამიტომაც ტაძრებში ღვთისმსახურების შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღე», – განაცხადა აპლიამ.

"РИА Новости"-ს ინფორმაციით, მან აღნიშნა ისიც, რომ გადაწყვიტა, არ შეეჩერებინა ღვთისმსახურება სოხუმის მთავარ კათედრალურ ტაძარში. «მე მასში ომამდეც ვმსახურობდი, ომის შემდეგაც, ამიტომაც კანონიკური უფლება კათედრალურ ტაძარს აქვს», – დასძინა სასულიერო პირმა.

ბესარიონ აპლიამ იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვის საპატრიარქო აფხაზეთის საეკლესიო საკითხს სტატუსის განსაზღვრით გადაჭრის.

«ამ [რუსული ეკლესიის მიერ ხელდასმული - რედ.] სასულიერო პირების კანონიკური სტატუსი უნდა განისაზღვროს. მთავარია, ისინი აქ დაბრუნდნენ სტატუსით აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. ჩვენ ქართული ეკლესიის ნაწილი ვერ ვიქნებით, ჩვენ მისი ნაწილი არ ვყოფილვართ და არც ვიქნებით», – აღნიშნა მან.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთს თავისი კანონიკური ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს, ასეთად აღიარებენ მას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებიც, მოსკოვის საპატრიარქოს ჩათვლით. 1992-93 წ.წ. შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ქართველ სასულიერო პირებს აფხაზეთის ტერიტორიაზე წვდომა არ აქვთ. ერთადერთი სასულიერო პირი, რომელიც ქართული ეკლესიის მიერაა ხელდასმული და მისგან ღვთისმსახურების უფლებით სარგებლობს, ბესარიონ აპლიაა. ომის შემდეგ იგი ცხუმ-ბიჭვინთის ეპარქიას უდგას სათავეში, რომელიც მოგვიანებით დე ფაქტო ხელისუფლების მიერ აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიად დარეგისტრირდა. თავად აპლია აფხაზური ეკლესიის წინამძღოლად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს ასახელებს.

აფხაზეთში რეგისტრირებულია ასევე "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია", რომლის რეზიდენცია ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსში მდებარეობს. ამ საეკლესიო ფრთის ჩამოყალიბება იქცა რეაქციად რუსული ეკლესიის მცდელობაზე, ახალი ათონის მონასტრის წინამძღოლი თავად დაენიშნა. ახალათონელი სასულიერო პირები, რომელთაც მამა დოროთე დბარი უდგათ სათავეში, აფხაზეთის საეკლესიო საკითხს დაურეგულირებლად მიიჩნევენ და მორწმუნეთა სახელით მიმართავენ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს თხოვნით, იგი მართლმადიდებელთაშორისი კომისიის ძალით გადაჭრას.

საქართველოში დროებით ზომად აფხაზეთის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარების საკითხი განიხილებოდა. ეს ინიციატივა თავის დროზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ექს-მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გააჟღერა. თუმცა ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც თავის საგარეო საეკლესიო პოლიტიკაში ხშირად მოსკოვის საპატრიარქოს მხარეს იკავებს, ეს იდეა დაუშვებლად შეაფასა.

აფხაზეთის ორ მართლმადიდებელ თემს შორის პერიოდულად დაძაბულობა იქმნება "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" მოთხოვნის გამო, ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსი დაიცალოს და მას გადაეცეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები