
ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი: ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ფაქტების გადამმოწმებლების შევიწროება
26/08/2025 18:15:00 პოლიტიკა
ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN) გმობს საქართველოში ფაქტების გადამმოწმებლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას.
საერთაშორისო ჯგუფები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ საქართველოს ხელისუფლების ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფაქტების გადამმოწმებლებზე ქვეყანაში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
„ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი (IFCN) მკაცრად გმობს საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ფაქტების გადამმოწმებელი დამოუკიდებელი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. გამოძიებები, რომლებიც ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო, ასევე ე.წ. უცხოური აგენტების კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მუქარა, საგანგაშო ესკალაციაა იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებას სანდო ინფორმაციას აწვდიან.
მედიის განვითარების ფონდი (MDF), „მითების დეტექტორის“ დამფუძნებელი ორგანიზაცია, რომელიც IFCN-ის მიერ სერტიფიცირებული „პრინციპების კოდექსის“ ხელმომწერია, აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ ზეწოლა იზრდება, მათ შორის მოთხოვნები პარტნიორებისა და ბენეფიციარების კონფიდენციალური პირადი მონაცემების გადაცემაზე. MDF აღნიშნავს, რომ ეს ზომები, რომლებსაც ლეგიტიმური საფუძველი არ გააჩნია, პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობის უფლებას არღვევს.
ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო MDF-ის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე — მათ შორის დონორების დაფინანსებისა და პროექტების საქმიანობის შესახებ. გამოძიებას ასევე საფუძვლად დაედო რედაქტორ თამარ კინწურაშვილის საჯარო განცხადებებიც, მათ შორის მისი გამოსვლა Deutsche Welle-ს გლობალურ მედია ფორუმზე, სადაც მან „სიტყვის თავისუფლების ჯილდო“ მიიღო“, – ნათქვამია IFCN-ის განცხადებაში.
როგორც ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლების მიერ მიზანში ამოღებული ორგანიზაციები ამ ქმედებებს დამოუკიდებელი არაკომერციული ჯგუფებისა და თავისუფალი მედიის დევნად აფასებენ, რომლის მიზანიცაა დემოკრატიის დასრულება ისე, როგორც პუტინის რუსეთში.
„ფაქტების გადამოწმების ქართული ორგანიზაციები ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო საზოგადოების პატივსაცემი წევრები არიან. IFCN-ის „პრინციპების კოდექსის“ დიდი ხნის ხელმომწერები – „მითების დეტექტორი” და FactCheck Georgia – აკმაყოფილებენ გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გლობალურ სტანდარტებს. მათი საქმიანობა უზრუნველყოფს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას და აძლევს მოქალაქეებს წვდომას გადამოწმებულ, სანდო ინფორმაციაზე.
IFCN გმობს ამ თავდასხმებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ფაქტების გადამმოწმებლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა უნდა მუშაობდეს შიშის გარეშე.
2015 წელს დაფუძნებული IFCN იცავს პრესის თავისუფლებას და მხარს უჭერს ფაქტების გადამმოწმებლებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქართველი კოლეგების გვერდით“, – ნათქვამია IFCN-ის განცხადებაში.
2025 წლის აგვისტოში შვიდმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ მიიღო ანტიკორუფციული ბიუროს მორიგი წერილი რომლითაც ბიურო „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის“ შესაძლო დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაზე მიუთითებს და ინფორმაციის წარდგენას ითხოვს.
ანტიკორუფციული ბიუროსგან წერილი მიიღო 6-მა ორგანიზაციამ:
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
საფარი
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
მედიის განვითარების ფონდი
ISFED
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი