
ანტისაოკუპაციო აქციის ერთ–ერთ მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
08/07/2019 16:25:11 სხვა, სამართალი
რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქციის ერთ–ერთ წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული ამჟამად სასწრაფო დახმარების მანქანაში იმყოფება.
როგორც დაშავებულის და ჰყვება, მის ძმას "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციიდან ერთ–ერთი პირი თავს დაესხა და თავში ქამარი ძლიერად ჩაარტყა.
შეგახსენებთ, რომ "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებს აქციაზე ქამრებით მისვლისკენ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მოუწოდა.
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები პუშკინის სკვერიდან პარლამენტის მიმართულებით დაიძრნენ, სადაც ბიზნესმენ ლევან ვასაძის, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის და "ქართული მარშის" ორგანიზებით ჰომოფობიური აქცია მიმდინარეობს.
რუსთაველზე ვითარება დრო და დრო იძაბება. ადგილზე დემონსტრანტების ორ ჯგუფს – ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებსა და "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებს პოლიცია ჰყოფს. სამართალდამცველებმა კინო “რუსთაველთან” გზა ყვითელი ავტობუსებით ჩაკეტეს და ცოცხალი კორდონი გააკეთეს. პოლიცია მიღებულ ზომებს აქციის მონაწილეების უსაფრთხოებით ხსნის.
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები უკვე მეცხრამეტე დღეა შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.