ცერცვაძე: „სავარაუდოდ, ორ-სამ კვირაში ყველა შეზღუდვა მოიხსნება“
20/02/2021 20:00:00 საზოგადოება
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ სამიოდ კვირაში ყველა სეზღუდვა მოიხსნება. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
„მთავარია, რომ მოსახლეობამ არ შეუწყოს ხელი იმას, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევა, რომ 3%-ს ქვევით ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი, არ დავკარგოთ, თორემ შეზღუდვების მოხსნა დაწყებულია და სადღაც 2-3 კვირაში დამთავრდება, სავარაუდოდ ყველა შეზღუდვა მოიხსნება. მთავარია, რომ უკან დაბრუნება არ მოგვიწიოს, ხელახლა შეზღუდვების დაწესება არ მოგვიხდეს, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანას მოუწია. არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რაც ერთხელ მოგვივიდა ზაფხულში“,– განაცხადა ცერცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების ნაწილი ჯერ კიდევ მოქმედებს, მათ შორის „კომენდანტის საათი“, ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია შაბათ-კვირას, არ მოძრაობს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.


