აფხაზური რკინიგზა: რა საიდუმლო დოკუმენტი გამოუგზავნა მოსკოვმა სოხუმს

20-02-2021 22:55:23 კონფლიქტები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთს მიაწოდა დოკუმენტი, რომელშიც აფხაზურ მხარეს რკინიგზის გახსნის საკითხის ინიცირებას ავალებს.

როგორც «აქცენტს» აფხაზური საკანონმდებლო ორგანოდან საკითხში ჩახედულმა წყარომ აცნობა, მისი ინიცირება «პარლამენტს» «აფხაზეთისთვის უდიდესი ეკონომიკური სარგებლისა» და «გასაჭირში მყოფ სომეხ ხალხზე ზრუნვის» სარჩულით დაევალა.

როგორც სოხუმს მოსკოვი არწმუნებს, რუსეთს, სომხეთსა და საქართველოს შორის გასაფორმებლად მომზადებულია ახალი სამმხრივი დოკუმენტი, რომლის ხელმოწერაზეც «საქართველოს პრეზიდენტისგან უკვე მიღებულია პრინციპული თანხმობა», აფხაზური მხარისგან კი მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო — საჯარო თანხმობა.

თუმცა მოსკოვიდან გამოგზავნილი დოკუმენტი სოხუმისთვის მთელ რიგ უმნიშვნელოვანეს ასპექტებს შეიცავს და არ შეესაბამება საქართველოსა და რუსეთს შორის 2011 წელს გაფორმებულ შეთანხმებასაც კი, რომელსაც აფხაზური მხარე თავის დროზე კატეგორიულად შეეწინააღმდეგა.

კერძოდ, სოხუმისთვის საკვანძო განსხვავებას ქმნის ის, რომ «სამმხრივ შეთანხმებაში» რკინიგზის აფხაზური მონაკვეთი აღნიშნულია არა მარტო გეოგრაფიული კოორდინატებით (როგორც 2011 წლის ორმხრივ შეთანხმებაში იყო), არამედ დაკონკრეტებით «სოხუმი» - ანუ აფხაზეთის დედაქალაქის ქართული ტრანსკრიპციით.

ამასთან, ახალი დოკუმენტის თანახმად, ტვირთების გადაზიდვაზე კონტროლს ნეიტრალური უცხოური კომპანიის ნაცვლად (2011 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ეს შვეიცარიული SGS უნდა ყოფილიყო), რუსული და ქართული საბაჟო სამსახურები განახორციელებენ, რომელთა თანამშრომლები ფსოუზე და ენგურზე განთავსდებიან. ანუ, აფხაზეთი მოიაზრება ერთგვარ ნეიტრალურ ტერიტორიად და როგორც მხარე, დოკუმენტში არსად იქნება ნახსენები. საინტერესო დეტალი: თავად ეს დოკუმენტი, რომელიც მოსკოვიდან გამოაგზავნეს, აფხაზ «დეპუტატებს» არ უჩვენეს. «პარლამენტს» იგი ოფიციალურად არ მიუღია და არსებული ინფორმაციით, ის ჯერ-ჯერობთ არც აფხაზურ საგარეო პოლიტიკურ უწყებაში გააჩნიათ. მისი ინიცირების წინადადებით «დეპუტატებს» «პრეზიდენტის» ადმინისტრაციის თანამშრომელმა მიმართა, რომელიც «პარლამენტში პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლის თანაშემწის» თანამდებობას იკავებს.

მასთან დახურულ შეხვედრაზე დამსწრე აფხაზი «დეპუტატების» ნაწილმა საკითხის განხილვაზე კატეგორული უარი განაცხადა. თუმცა როგორც «პარლამენტში პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლის თანაშემწემ განმარტა, «აფხაზეთს რუსეთის ამ დავალების შესრულება ყველა შემთხვევაში მოუწევს, თანაც განსაზღვრულ ვადებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვი სოხუმს სრულ ბლოკადას მოუწყობს».

ახალი ამბები

სხვა სიახლეები