
ბაიდენი: "რუსეთის პროვოკაციები და მუქარა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს"
19/02/2021 18:26:25 მსოფლიო
აშშ-ის პრეზდენტი ჯო ბაიდენი კრემლს ევროპული ერთიანობის პროექტისა და ტრანსალტანტიკური პარტნიორობის შესუსტების მცდელობაშო ადანაშულებს. ამასთან, მისი აზრით, რუსეთისთვის უფრო ადვილია, ცალკეულ ქვეყნებს ემუქროს და ახორციელოს ზეწოლა, ვიდრე საქმე იქონიოს ერთიან ძლიერ ალიანსთან.
როგორც ბაიდენმა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რუსეთი საფრთხეა დასავლური დემოკრატიებისთვის.
"კრემლი უტევს ჩვენს დემოკრატიებსა და ხელისუფლებებს. დემოკრატიული პროგრესი როგორც ევროპაში, ისე აშშ-ში ავტორიტარული სისტემების მხრიდან თავდასხმებს განიცდის. დემოკრატია გზაგასაყარზეა. ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატია ვერ ყალიბდება შემთხვევითობის წყალობით. ჩვენ ის უნდა დავიცვათ, განვაახლოთ და გავაძლიეროთ. დასავლეთის ამოცანაა, დავამტკიცოთ, რომ დემოკრატია ისტორიული რელიქვია არაა" - განაცხადა ბაიდენმა ონლაინ-რეჟიმში გამართული ფორუმის მსვლელობისას.
"რუსეთის პროვოკაციები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს"
ახალ ცივ ომზე საუბარი არაა, თუმცა რუსეთის პროვოკაციები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს, - დარწმუნებულია აშშ-ის ლიდერი.
"აქედან გამომდინარე, აშშ და ევროპა განუხრელად უნდა იცავდნენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აუცილებელია, შეიქმნას მომავალი, რომელშიც ყველა ქვეყანა შეძლებს, თავისუფლად, ზეწოლისა და ძალის გამოყენების მუქარის გარეშე განსაზღვროს საკუთარი გზა" - დასძინა ჯო ბაიდენმა.