
აშშ–ის საელჩო: "აუცილებელია, არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე ყველამ იზრუნოს"
18/02/2021 16:00:18 პოლიტიკა
"შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით", - ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადეაშია ნათქვამი.
"აუცილებელია, ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე, რათა შესაძლებელი გახდეს შემოდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება. შეერთებული შტატები კვლავ მზად არის, ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიულ პროცესს. საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. შეერთებული შტატები მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, დაუბრუნდეს სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგენას", – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: 17 თებერვალს სასამართლომ ენმ–ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიამ გადაწყვეტილების საფუძვლად ნიკა მელიას დაპატიმრების თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. დისკუსიის არსებობა „ქართულ ოცნებაშიც“ დაადასტურეს, თუმცა როგორც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, მათ შესაბამისი არგუმენტაცია გახარიასგან ვერ მოისმინეს.
გახარიას გადადგომის შემდეგ შსს–მ მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. ოპოზიცია ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშნვის მიზნით დიალოგის მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს.
ცოტა ხნის წინ “ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.